პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამაზ ავდალიანის ადგილმონაცვლის, ელდარ კურტანიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 16 თებერვალს, პარლამენტში კომისიის თავმჯდომარის განკარგულების დამოწმებული ასლი და თანდართული დოკუმენტაცია შეიტანა.
"ცნობილ იქნას საქართველოს პარლამენტში, საარჩევნო ბლოკის "ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნება“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამაზ ავდალიანის ( ბლოკის პარტიულ სიაში# 35) ადგილმონაცვლედ ამავე ბლოკის პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი ელდარ კურტანიძე ( ბლოკის პარტიულ სიაში # 93)“,- აღნიშნულია განკარგულების პირველ მუხლში.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებას თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც აუცილებელია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისვის.
მისივე თქმით, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რეგლამენტით დადგენილ ვადაში – 1 თვეში უნდა მოხდეს ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა.
წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია უფლებამოსილების ცნობა.
გიორგი კახიანის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.