საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას საქმეში FBI-ს მიერ დადებული დასკვნა მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ამის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება თავად მიიღო.
ამის შესახებ სააკაშვილმა თოქშოუ "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ჟვანიას საქმე არ არსებობს. ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელსაც ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი ემსხვერპლა," _ აღნიშნა სააკაშვილმა.
"ზურა დაიღუპა გაზის მოწამვლით და ეს იყო მაშინ ჩვეულებრივი ამბავი –გაზით 200-300 იღუპებოდა იმ პერიოდში ყოველწლიურად. ამბობენ, როგორ შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრს ასეთი რამ დამართოდაო – ზურა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, არ ჰქონდა მდიდრული აპარტამენტები – არც ერთს არ გვქონდა ჩვენ. ზუსტად ისეთივე "კარმა" გვეყენა ჩვენ და ეს რომ მოხდა, დავურეკე დედაჩემს და ვუთხარი, სასწრაფოდ გამოცვალეთქო, მერე გავუგზავნე 500 თუ 700 დოლარი რომ ახალი, ჩეხური სისტემის უკეთესი გამათბობელი ეყიდა. ყველანი ასეთ პირობებში ვიყავით. მაგრამ ამას არ ჰქონდა არავითარი კავშირი მის პირად ცხოვრებასთან. მე არასდროს მაინტერესებდა ზურას პირადი ცხოვრება. ჩემს პირად ცხოვრებაშიც ასეთი თავდასხმები იყო – ბოლო მიტინგი საკრებულოს წინ ასლან აბაშიძემ მომიწყო შემდეგი ლოზუნგით – "ძირს ცისფერი სააკაშვილი". ასეთ რაღაცეებზე მაქვს ალერგია, ალერგია მაქვს ამ თემებზე ლაპარაკის, ამიტომ არასდროს მაინტერესებდა ზურას პირადი ცხოვრება და ახლაც არა აქვს ამას მნიშვნელობა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმის გამოსაძიებლად მაშინდელ ხელისუფლებას FBI არ მოუწვევია.
"FBI თვითონ ჩამოვიდა, ჩვენ არ მოგვიწვევია. ბუში რომ ჩამოვიდა, ზურას საქმეზე მაშინ მითხრა, რომ ეს არის ახალი იუშჩენკოო, რუსების გაკეთებული. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, სასწრაფოდ გამოეშვათ ჯგუფი და გამოგვეძიებინა რა მოხდა. ჩამოვიდა ეს ჯგუფი და დაწერა ის დასკვნა, რაც დაწერა. როგორ ფიქრობთ, FBI-მ სააკაშვილს გაუწია ანგარიში და ის დაწერა რაც მე მინდოდა? მოქმედი პრეზიდენტის, კლინტონის შესახებ რომ დასკვა დადო FBI-მ, როცა ცნობილი ქალბატონის კაბიდან პრეზიდენტის დეენემის სინჯები აიღო, ამან გამოიწვია მისი იმპიჩმენტის საკითხის დაყენება. როგორ ფიქრობთ, FBI-მ თავისი ხელმძღვანელი, პრეზიდენტი არ დაინდო და იმას დაწერდა რაც მე მინდოდა?
რაც შეეხება დასკვნა რატომ არ გამოქვეყნდა, ამაზე ბევრი კამათი გვქონდა. მაშინ ძალიან ანერვიულდა მაშინდელი პროკურატურა, ზურა ადეიშვილი და თუ არ ვცდები მურთაზი (ზოდელავა) და თქვეს, ჩვენ რა შუაში ვართ, ყველაფერი ვთქვათ, ვუთხარი, საზოგადოებას სიმართლე და თავად განსაჯოსო. ვუთხარი: არ მაინტერესებს თქვენი ემოციები, ეს თქვენთვის შეინახეთ- მეთქი. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ვთვლი, რომ არ იყო შეცდომა. მე მქონდა ჩემი პირადი ვალდებულება ზურას ხსოვნის წინაშე, რომელიც ბევრად პირნათლად შევასრულე, ვიდრე ბევრმა მისმა სხვა ფორმალურმა ახლობელმა. ის იყო ადამიანი, ვინც მომიყვანა პოლიტიკაში, ვისთანაც მაკავშირებდა ძალიან ახლო, თბილი, მჭიდრო და ახლობლური ურთიერთობა. მიმაჩნდა, რომ მისი სახელის გარშემო სპეკულაცია ეს იყო ცუდი საქართველოს ისტორიის წინაშე, ეს იყო ჩემი პირადი ვალი მის წინაშე. ეს იქნებოდა ქართული საზოგადოების მიმართაც გარკვეული უპატივცემულობა. იქ ვიღაცას თავის ფულის გამო, სიხარბის გამო, ან იმის გამო , რომ შურდა ზურასი და იმის ჩრდილიდან ვერ გამოდიოდა, არ ვიცი ვის რა მოტივაცია ჰქონდა და აქვს. როცა ადეიშვილმა მითხრა, ვუთხრათ საზოგადოებას ყველაფერიო, მე ვუთხარი, როგორ გგონიათ, საზოგადოებას გაუხარდება, რომ ყველანაირი თეთრეული გამოვფინოთ-თქო?!. რაც ეხება პირად ცხოვრებას, ეს არის პირადი ცხოვრება და უნდა იყოს ხელშეუხებელი. ამაზე მაქვს გართულება. მე მიმაჩნდა, რომ ზედმეტი დეტალების გამჟღავნება იქნებოდა ქართული სახელმწიფოს მიმართაც გარკვეული უპატივცემულობა", _ აღნიშნა სააკაშვილმა.
რაც შეეხება მისი მისამართით ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მათ ურჩევს, გვამს ექსჰუმაცია ჩაუტარონ.
"გამოიძიონ, გააკეთონ ექსჰგუმაცია. ზურასთან შედარებით დანარჩენი ხალხი არის იმდენად წვრილმანი, რომ არ იმსახურებს ჩემგან კომენტარს", _ აღნიშნა სააკაშვილმა.