ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეორე ნავმისადგომზე, მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნიდან პიროლიზური ფისის გადატვირთვის პროცესში მოხდა ნივთიერების ავარიული დაღვრა პორტის ტერიტორიაზე. ადგილი, სადაც მოხდა ნივთიერების დაღვრა, მოშორებითაა დასახლებული პუნქტიდან, აქედან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პიროლიზებული ფისი შეიცავს აქროლად ნივთიერებებს, რამაც გამოიწვია ქალაქის ტერიტორიაზე სუნის გავრცელება.
პიროლიზური ფისი სპეციალურ სადრენაჟე ნაგებობაში ჩაიღვარა. ამ ეტაპზე ნავსადგურის ადმინისტრაციის მიერ, დაბინძურების ლოკალიზაციისა და ძირითადი სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულებულია. არხებიდან ნივთიერების ჩატუმბვა ვაგონ-ცისტერნებში განხორციელდა უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი. ასევე, იმყოფებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები. განხორციელდა სინჯების აღება და გატარდება შესაბამისი რეგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორია კონტროლზეა აყვანილი, რაც გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას.