"თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებას ეხმაურებიან.
"დღეს, ბიძინა ივანიშვილის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურა აბაშიძემ გააკეთა საგანგაშო განცხადება, რომ ნატო-სთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, საქართველოში განთავსდეს ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა და ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს, დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.
იმ ფონზე, როცა მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს ნატო-ს სამიტი, ეს განცხადება არის ღია დადასტურება იმ ფაქტის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზეც "თავისუფალი დემოკრატები" დიდი ხანია მივუთითებთ.
რადგან ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი სწორედ ის გეგმაა, რომელიც ითვალისწინებს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში და ქვეყნის საბოლოო მიზნის, ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობას.
უელსის სამიტის ჩათვლით, ჩვენი ყველა ქმედება იყო მიმართული საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ, რაც ბუნებრივია, ასევე ალიანსის მყარი გადაწყვეტილებაა.
საინტერესოა, რომ ზურაბ აბაშიძის დღევანდელი განცხადება დროში დაემთხვა კრიზისების მართვის საბჭოს გუშინდელ სხდომას, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებას და აბაშიძე-კარასინის თებერვლის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრას, რითაც გამოაშკარავდა ამ შეხვედრის რეალური დღის წესრიგი.
ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააკეთოს საჯარო განცხადება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ განცხადებასთან დაკავშირებით.
ასევე, მივმართავთ საგარეო და ევროატლანტიკურ სამინისტროებს, რომ გაემიჯნონ აღნიშნულ განცხადებას და დააფიქსირონ საკუთარი ერთგულება ნატოში საქართველოს გაწევრიანებისადმი.
მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და არ მისცენ უფლება საქართველოს მთავრობას გადაუხვიოს ქვეყანამ ევრო-ატლანტიკური კურსიდან," – ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებენ "თავისუფალი დემოკრატები".