თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის აზრით, ხმაურის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ბიზნესზე ახალი ზეწოლის მექანიზმი და ადმინისტრაციული ორგანოებისთვის კორუფციის წყარო იქნება.
როგორც ირაკლი აბესაძე აცხადებს, პრობლემა არსებობს და მას მოგვარება სჭირდება, მაგრამ წარმოდგენილი კანონპროექტი ბევრ ხარვეზს შეიცავს და ის აბსოლუტურად მოუმზადებელია.
მისივე თქმით, კანონპროექტში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ხმაურის რეგულაციებთან დაკავშირებული ნორმები. კერძოდ, არ არის განსაზღვრული, რა არის ხმაური, როგორ უნდა მოხდეს მისი გაზომვა, ვის მიერ და ვინ დააჯარიმებს. როგორც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, თუ დეტალურად არ იქნება გაწერილი ეს საკითხები, ასეთ შემთხვევაში კანონპროექტი შეიძლება ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღი ან კორუფციით დაინტერესებული ჩინოვნიკების ხელში ფულის გამოძალვის იარაღი იყოს, მოქალაქეების უფლებები კი დაუცველი დარჩება.
"კანონპროექტი ძალიან ბევრ ხარვეზს შეიცავს. ის აბსოლუტურად მოუმზადებელია. ნაჩქარევად ამ პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება გამოიწვევს იმას, რომ არც მოქალაქეების ინტერესები იქნება დაცული და ბიზნესზე ახალი ზეწოლის მექანიმზს მივიღებთ, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის კი – ახალი კორუფციის წყაროს. ასე რომ, ამ საკითხს სჭირდება მომზადება და უფრო კომპეტენტური ადამიანების ჩართვა და არა ისე ნაჩქარევად განხილვა, როგორც ამას საკრებულო დღეს აკეთებს", – აღნიშნავს აბესაძე.
მისივე თქმით, კანონპროექტის სხვადასხვა უწყებაში განიხილავენ, შემდეგ კი, პარლამენტს გადაეგზავნება. თუმცა, ამის მიუხედავად აბესაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისთვის კანონპროექტი მოუმზადებელი და სუსტია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში იურიდიული კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ხმაურის აკრძალვის შესახებ იურიდიული კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი განიხილეს.
ამავე თემაზე:
ღამის საათებში ხმაურისთვის ჯარიმა 150-დან 1000-ლარამდე იქნება