ხუთშაბათს, 19 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა შედგა. 13 საკითხისაგან შემდგარი დღის წესრიგი ბიუროს წევრებმა უკვე მეორე სხდომაა, ტრადიციისამებრ, სწრაფად განიხილეს და არც საკითხებზე მსჯელობისთვის დაუხარჯავთ დრო.
ლანჩხუთის საკრებულოს რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტში ვკითხულობთ: "საკრებულოს ბიურო, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციურ საკითხებთან დაკავშირებით _ გადაწყვეტილებებს".
სამწუხაროდ, ფორმალობად ქცეულ სხდომაზე გამოტანილ საკითხებზე მსჯელობა, ფაქტობრივად, არ ყოფილა. რეკომენდაციებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე იძლეოდა, საკითხს ახმოვანებდა, შემდგომ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გასატანად მომხსენებელს ასახელებდა და ბიუროს წევრებიც ერთხმად ეთანხმებოდნენ ამ ყველაფერს.
საკრებულოს მორიგი სხდომა 27 თებერვლისთვის ჩაინიშნა. ბიუროს საკითხებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, განიხილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და უშუალოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასის დადგენის, ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების, ასევე, მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების საკითხები.
იგეგმება ცვლილება საკრებულოს რეგლამენტის და მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებებში. განიხილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღორღის მოსაპოვებლად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხი და ა(ა)იპ "ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ იავნანასთვის" ქონების სარგებლობის უფლების გადაცემაზე გამგებლისთვის თანხმობის უფლების მიცემის საკითხი.
ბიუროს სხდომაზე დაგეგმილი იყო გამგეობის სამი სამსახურის გასული წლის გაწეული მუშაობის ანგარიშების მოსმენა, მაგრამ ანგარიში ბიუროს წევრებს კომისიებში უკვე მოსმენილი ჰქონიათ და კიდევ ერთხელ მოსმენა არ ისურვეს.
ბიუროზე იმსჯელეს ღორღის მოპოვების ლიცენზიის თემაზე; დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს არაა მათი საქმე და გამგებელმა ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს საკითხი.
_ "ერთპიროვნულად გადაწყვეტას, თქვენთან შეთანხმება ვარჩიე. სხვა თუ არა, შემოსავალი მუნიციპალიტეტს დარჩება და უკეთესია, საკრებულომ დაადგინოს ინერტულ მასალას ქვიშის თუ ღორღის სახით გავცემთ", _ თქვა ზაზა ურუშაძემ.