საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია ხვალ, 25 თებერვალს დაიწყება და 17 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.
მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online@naec.ge). ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, მან ასევე უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური.
2015 წლიდან საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, მიმართულებების მიხედვით, შეთავაზებული იქნება სამი სხვადასხვა – A, B და C ტიპის ტესტი. მაგისტრანტობის მსურველმა რეგისტრაციისას მისთვის სასურველი ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს.
A, B და C – ტიპის ტესტებიდან თითოეული, ისევე, როგორც გასულ წლებში, ოთხ ნაწილს მოიცავს. ეს ნაწილებია: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. სახელმწიფო დაფინანსება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგის მიხედვით განაწილდება.
რაც შეეხება ერთიან ეროვნულ და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდებზე რეგისტრაციას, 10 თებერვალს დაიწყო და 17 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.