პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა:
"25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 94 წლის წინ ქართველი იუნკერებისა და პატრიოტების თავგანწირვამ ვერ იხსნა ჩვენი სამშობლო წითელი ოკუპაციისაგან და საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა ტრაგიკულად დასრულდა.
საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანმა მმართველობამ დამანგრევლად იმოქმედა ჩვენს ქვეყანაზე, ერის საუკეთესო ნაწილი შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის მიუხედავად, თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამკვდარა ხალხში, არასოდეს შეწყვეტილა თავისუფლებისათვის ბრძოლა.
დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ეს მრავალი თაობის თავდადების შედეგია. ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ამ უდიდეს მონაპოვარს, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.
საქართველოს ნაწილი ისევ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ამას და ყველა სამშვიდობო ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნის გასაერთიანებლად. მჯერა, ჩვენ შევძლებთ მომავალ თაობას დავუტოვოთ გამთლიანებული და წარმატებული სახელმწიფო"_ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.