სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა); სს "კურორტი ახტალა"; მესტიის რეზიდენცია; წყალტუბოს სანატორიუმები; ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე; ბათუმი თაუერი; ათონელის რეზიდენცია; შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია"- 70% წილი; თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – თბილისი SPS ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი; ეროვნულ ბანკის ყოფილი შენობა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები და საქართველოს პრეზიდენტის ბობოყვათის ყოფილი რეზიდენცია და ა.შ.
გასაყიდი ობიექტების ნუსხა დღეს "ბიზნესმენთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბიზნესმენებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გააცნეს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უკვე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით.
მთავრობაში ვარაუდობენ, რომ მარტო ობიექტების გაყიდვით ორი-სამი თვის პერიოდში დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება.
"წარვადგინეთ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და დარბაზშივე გამოითქვა სურვილი რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით. ეს აბსოლუტურად რეალისტური ინვესტიციებია. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა პრივატიზებაც ლარის კურსს მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს. ჩვენ ველოდებით, რომ ამ ქმედებების შედეგად კურსი გამყარებისკენ წავა“, _ აღნიშნა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იგეგმება საკანონმდებლო კუთხით ბიზნესისა და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, რასაც უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრიც გააჟღერებს.