ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე #129-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას წლებია, სთხოვენ. როგორც მათ "გურია ნიუსთან" აღნიშნეს, ძლიან ბევრჯერ მიმართეს განცხადებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ქალაქის მერიას, თუმცა, დღემდე არანაირი ყურადღება არ მიუქცევიათ.
ადგილობრივები ბინის ფასადზე წყალდამცავი თუნუქის აკვრასა და ეზოს კეთილმოწყობას მოითხოვენ.
გელა გუდავაძე: "რამდენი წერილი დავწერეთ, ვინ იცის. ვითხოვთ ფასადის გაკეთებას და ეზოს კეთილმოწყობას. დაპირებები, იცოცხლეთ, წინასაარჩევნოდ ბევრი იყო. რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას? ამის მეტად არ უნდა დაეხმაროს ხელისუფლება ხალხს?! წვიმის დროს წყალი ისე დგება, რომ ეზოში ვერ გაივლი. შემდეგ ეს წყალი ჩადის სტადიონზე და ბავშვები ტალახში თამაშობენ. ამას მაინც თუ არ ეშველა, არ ვიცით. აი, ამას ვთხოვთ ხელისუფლებას, პასუხი კი მუდამ ერთნაირია _ არ გვაქვს ფული ბიუჯეტში".
ნინო ასლანიკაშვილი: "ჯერ ერთი, არჩევნებზე ქალაქის მერისთვის ხმა მაინც არ მიმიცია, ღმერთმა დამიფაროს, მაგას როგორ მივცემდი ხმას. დიდი მოხარულები მაინც არ ვიყავით მაგის არჩევით, ბიზნესმენმა უნდა მიხედოს ბიზნესს, მისი საქმე პოლიტიკა არაა! "პირველი" ბიზნესმენი წავიდა პოლიტიკიდან, ეს რას მოგვიყვანეს, ან გუბერნატორი რაში გვჭირდებოდა, აგვიხსენით, ხალხისთვის ვინაა? კაცი, რომელსაც მოქალაქეების მიღება არ შეუძლია, იმიტომ, რომ საუბარი არ იცის? ვინც ნახა, ყველა უკმაყოფილო ჰყავს, ისეთი უხეშია მიღებაზე, რომ არ ვიცი. წინასაარჩევნოდ მოსული იყო ბატონი ბეგლარი და შეგვხვდა ამ ბინის მცხოვრებლებს, რა თქვა იცით? ჩემი არჩევის შემთხვევაში, აღმშენებლობას დავიწყებ ამ ეზოდანო , _ ზუსტად მის სიტყვებს გეუბნებით. აქ რა მდგომარეობაა, ვერ აღგიწერთ. გარედან აწვიმს, სულ დაგვილპა კედლები, ჩამოვარდა. წვიმა მოჰყვება სინკარებს და საშინელი მდგომარეობაა. წინა ფასადზე გავაკრავთ საწვიმარსო, დაგვპირდა, ეზოს მოწესრიგებას დაგვპირდა. წვიმის დროს ისეთი გუბეები დგას, რომ აქ გავლა შეუძლებელია. " ნაციონალობა" ღმერთმა დამიფაროს, რაც მოვიდნენ მას შემდეგ ოპოზიციაში ვარ, მაგრამ ახლა რა მდგომარეობაცაა, ეს არ ვიცი… შემოგვითვალა, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არაა და ვერ გავაკეთებო. აგვიხსნან, რას ნიშნავს ეს? მაგათთვის ხომაა ყველაფერი? აქ წყალი როგორ შემოდის, იცით? ბევრი არ ჯდება ეზოს კეთილმოწყობა, მაგრამ აღარ დარჩათ უკვე ხალხისთვის არაფერი და რას გაგვიკეთებენ! რომ იკითხოთ, გურიაში ვის მისცეს დაბალპროცენტიანი კრედიტი, ეს არის თვითონ! რა კეთდება, აბა, გვითხარით საშუალო და მცირე ბიზნესისთვის? ფული არაა თურმე ბიუჯეტში!"
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ კოსტავას N129-ში არსებული მრავალბინიანი სახლის ფასადის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტების სამწლიან პროგრამაში არის გათვალისწინებული და აღნიშნული სამუშაოები 2015-2017 წლის ვადაში გახორციელდება.