ამერიკის, აზიისა და ევროპის 39 ქვეყანაში ბიზნესმენთა გამოკითხვის შედეგად, რომელიც ამერიკელმა ექსპერტებმა ჩაატარეს, მსოფლიოს სასტუმროებს შორის საუკეთესოდ მილანური „ფორ სიზანსი“, შანხაის „გრანდ ჰაიათი“ და პარიზის „პარკ ჰაიათ პარი ვენდომი“ დასახელდა.
შარშანდელი რეიტინგის ლიდერებმა, „ბრისტოლ პარიმ“, „პარკ ჰაიათ ტოკიომ“ და „ადლონ კემპინსკიმ“ წელს, შესაბამისად, 41-ე, 24-ე და 30-ე ადგილები დაიკავეს.
რუსეთიდან საუკეთესო სასტუმროთა რეიტინგში მხოლოდ „არარატ პარკ ჰაიათი“ მოხვდა, რომელიც მე-15 ადგილზე აღმოჩნდა.
საუკეთესოებს შორის 31 სასტუმრო ევროპულია, 30 – აზიური, 35 – ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 3 – ლათინური ამერიკიდან, ერთი კი – კანადიდან.
გამოკითხვაში მონაწილეობა ფინანსების სფეროში მოღვაწე მაღალი დონის 150-მა ხელმძღვანელმა მიიღო. მათ უნდა შეეფასებინათ ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, სადაც წლის განმავლობაში საშუალოდ 47 ღამე გაატარეს.
როგორც ირკვევა, უმაღლესი კატეგორიის ყველაზე მეტი სასტუმრო აზიურ ტოკიოსა და ევროპულ ლონდონშია განლაგებული. საუკეთესო ოცეულში ორივე მეგაპოლისში არსებული ოთხ-ოთხი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მოხვდა.
ქვეყნების მიხედვით, საუკეთესოები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატებიც აღმოჩნდა.