დღეს მორიგ სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მკითხველის განსაკუთრებულ „დაინტერესებას“ ქართველი პოლიტიკოსების შესახებ მოძიებული „საინტერესო ისტორიები“ იწვევს.
ჩვენი პირველი სტუმარი ბატონი თემურ შაშიაშვილი იქნება. ამ ადამიანს განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება.
„ჯაბა იოსელიანთან არ მქონდა იდეალური ურთიერთობა და ყველა რომ მის ქებაში იყო, მარტო მე ვუპირისპირდებოდი.
ერთხელ ქუთაისის მერიის შენობას მხედრიონი ტანკებით მოადგა, სამი ქურდის ციხიდან გამოშვებას ითხოვდნენ. ჯაბას განმარტებით, ისინი, თურმე, ტანკისტები იყვნენ და ძალიან სჭირდებოდა. ვერ შემაშინეს.
– აქედან ფეხს არ მოვიცვლი, – ააფეთქეთ შენობა, – ვეუბნები. წავიდნენ, ციხის უფროსი ნახეს და ძალით გამოაშვებინეს.
ეს ამბავი დამთავრდა და ახლა ქობალიას ხალხი მომადგა – იმათაც სამი ქურდის გამოშვება უნდოდათ. ცივ უარზე დავდექი და ყოფილი გენერალური პროკურორის დადგენილება მომიტანეს. სხვა რა გზა მქონდა – გავატანე ხალხი. წავიდნენ აეროპორტში და ცოტა ხანში ფაცაცია მიკავშირდება.
– თემურ, გვიშველე, ვერ მივდივართ.
– რატომ, რა მოხდა? – ვეკითხები.
– რა და იმ ჩვენმა გამოშვებულებმა აეროპორტში ვერტმფრენი მოგვპარეს“.
იცით თუ არა რომ წინა საუკუნის 90-ან წლებში, ყოფილ პარლამენტში, ბატონი ნოდარ ნათაძე სირბილში ტოლს არავის უდებდა. ამ უჩვეულო ისტორიას თემურ მირიანაშვილი გაიხსენებს.
„ერთხელ გულდაწყვეტილმა რომან გოცირიძემ შემომჩივლა, სირბილში მარცხი ვიწვნიე, ნოდარ ნათაძემ თავი მომჭრაო. გამიკვირდა, შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და მოხუცმა სირბილში როგორ გაჯობა-მეთქი. იმ დროს პარლამენტის შენობა ქალებს ჰქონდათ ბლოკირებული, აქციებს მართავდნენ, შიგნით არავის უშვებდნენ. არადა, რომანს და ნოდარს იქ უნდოდათ თურმე შესვლა. მერე როგორღაც, შეძვრნენ და კუთხის შესასვლელიდან შეიპარნენ. მათი შესვლა ქალებს შეუმჩნეველი არ დარჩათ. ჯერ ბუზღუნი დაიწყეს და მერე უფრო გაავდნენ. ამ დროს რომანი წინ გარბოდა, ნოდარი კი უკან მისდევდა. აქციის მონაწილეები გაკაპასდნენ და იყვირეს: მოდით, ამათ ვაჩვენოთ ახლა სეირი და ნოდარ ნათაძეს შარვალი ჩავხადოთო. ეს რომ გაიგო ნოდარმა, თურმე, ისეთი მტვრის ბუღი დაუყენებია შენობაში, ხალხს თვალებზე ბინდი გადაეკრა. ნათაძემ გოცირიძე ხომ ჩამოიტოვა უკან და შემფასებლები რომ ყოფილიყვნენ, ნოდარი ჩქაროსნულ სირბილში რეკორდს მოხსნიდა ნამდვილად“.
ყოფილი პარლამენტარი გერმანე ფაცაცია ერთხელ ვლადიკავკაზში აღმოჩნდა. ქვემოთ მოთხრობილი უჩვეულო ამბავი ამ ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში განვითარდა.
„ჩავედი ვლადიკავკაზში, სასტუმროში ვარ გაჩერებული. იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაბელური კაცი ვარ, ლამის მთელი სასტუმრო გავიცანი. მერე მითხრა სასტუმროს ადმინისტრატორმა, აქ ჩვენ საინტერესო სიტუაციები გვაქვსო. რომ დავინტერესდი, რაზე იყო საუბარი, გამანდო, აქ ერთი კარგი, წესიერი გოგოა, ერთდღიანი კონტაქტისთვის სერიოზულ მამაკაცს ეძებს და ასეთს ხომ არავის იცნობო? მეც ჩავიქირქილე: რაღა შორს მიდიხარ, მასეთი მე ვარ-მეთქი.
შემოიყვანეს ის გოგო ნომერში ჩემთან, როგორც სერიოზულ კაცთან, თან, ოთახში არიან ჟურნალისტი, ოპერატორი და ბორის კაკუბავა. მათ ეს შეხვედრა დააფიქსირეს, მერე კი ყველა გავუშვი და ამ გოგოს ვეკითხები, რა თანხას ითხოვდა, თან, ვაძლევ ფურცელსა და კალამს და ვეუბნები, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწერო განცხადება, უნდა აღნიშნო, რა ანაზღაურებაც გინდა. ამას გადავუგზავნით მას ფაქსით და მერე მოგვახსენებს, გადმოგვირიცხავს თუ არა აღნიშნულ თანხას-მეთქი. იმ გოგოს არ გაუკვირდა და დიდი სერიოზულობით წერდა, რასაც ვკარნახობდი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ტექსტის შინაარსი ასეთი გამოვიდა: რუსეთის იმპერიამ საქართველოში მრავალნაირი აგრესია ჩაიდინა, მათ შორის, სექსუალურიც – წაგვართვა მამაკაცები. მან რუსი ქალების მეშვეობით წამართვა მე ქმარი და, ამდენად, ვარ რუსეთის სექსუალური აგრესიის მსხვერპლი. ამდენად, გთხოვთ, მომცეთ ნება, ამა და ამ თანხის საფასურად, საქართველოს პარლამენტის წევრთან ერთი ღამე გავატაროო.
გოგონამ ეს განცხადება ისე დაწერა, რომ მის ძალის კანონიერებაში ეჭვიც არ შეჰპარვია. მერე ვუთხარი, მოდი, გადავცემ ამ განცხადებას ჩვენს უხუცესს-მეთქი. ბორის კაკუბავამ მთელი სერიოზულობით წაიკითხა ეს განცხადება და პასუხს მალე გეტყვითო – დაგვამშვიდა. თხუთმეტ წუთში თანხმობა მივიღეთ. იმ გოგოს, რა თქმა უნდა, ფული სჭირდებოდა, რაც მთელი ამ პოლიტიკური პრეისტორიის შემდეგ მივეცი“.
ნება მომეცით დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველ წლებში გადმოვინაცვლო და ერთი დაუჯერებელი ამბავი მოგითხროთ. ამ მართლაც უცნაურ „ისტორიას“ ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ქათამაძე მოგვიყვება.
„ის პერიოდია, როდესაც საქართველო ნატოსთან ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი და, როგორც ექვსი ენის მცოდნე, ბრიუსელში მიმავლინეს ერთ-ერთ ძალიან ცნობილ გენერალთან ერთად, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ. იმ გენერალს სამინისტროში ერთ-ერთი უმაღლესი პოსტი ეკავა და ნატოში სიტყვით უნდა გამოსულიყო. პროტოკოლის მიხედვით, გენერალს რუსულ ენაზე დაწერილი ტექსტი უნდა წაეკითხა, რომელსაც მე ვადგენდი, ხოლო დარბაზში მსხდომნი კი სინქრონული თარგმანის მეშვეობით მოისმენდნენ.
გამოსვლის წინა დღეს გენერალმა მიხმო და მეკითხება:
– ლევანა (გენერალი კუთხური აქცენტით ლაპარაკობდა), მაი ტექსტი დამიწერე?
– დიახ, ბატონო გენერალო, გამოსვლის ტექსტი უკვე მზადაა. აი, ქართული ვარიანტი და აი – რუსული, რომელიც თქვენ უნდა წაიკითხოთ-მეთქი, – ვუთხარი გენერალს და ფურცლები მივეცი.
მან ტექსტები ზერელედ გადაათვალიერა, უკან დამიბრუნა და მეუბნება:
– იცი, რა, ლევანა, შენ ხომ ბევრი ენა იცი?
– დიახ, ბატონო გენერალო, ქართულის გარდა, კიდევ ექვსი ენა ვიცი: რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ესპანური და არაბული.
– სად მოასწარი ამდენი?
– ბაბუაჩემი პოლიგლოტი იყო, თვრამეტი ენა იცოდა და იმან მასწავლა.
– პოლიგლოტი რას ნიშნავს?
– ბევრი ენა რომ იცის.
– ჰოდა, მასე ვქნათ, ძამია, შენ ახლა ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულადაც დამიწერ წასაკითხ ტექსტებს, ოღონდ ქართული ასოებით და მე ეს ტექსტი ამ სამ ენაზე უნდა წავიკითხო…
რომ იტყვიან, გენერლის სიტყვებზე ტვინში დამცხა და ძალიან მორიდებულად ვუთხარი:
– ბატონო გენერალო, წესისამებრ, გამოსვლა დროშია შეზღუდული და მხოლოდ ერთ ენაზე შეიძლება-მეთქი.
გენერალმა კი კოპები შეკრა და ხმას აუწია:
– ბიჭო, პირველად გამოვდივართ ქართველები ნატოში და რუსულად ვილაპარაკოთ? რამით ხომ უნდა დავამახსოვროთ თავი! ამიტომ, რასაც გიბრძანებ, შეასრულე და ტექსტები ერთ საათში ჩემთან იყოს. წაკითხვა უნდა „დავამუღამო“ და დრო მჭირდებაო.
რაღას ვიზამდი, გენერლის გამოსვლის ტექსტი სამ ენაზე დავწერე, ოღონდ ქართული ასოებით და გენერალს ერთ საათში მივუტანე. მან ტექსტებს გადახედა, შემდეგ სარკის წინ დადგა და მათი კითხვა დაიწყო ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად. სიმართლე უნდა ვთქვა,
გენერალმა ისე დაამუღამა ეს ტექსტები სამივე ენაზე, რომ ვერავინ იფიქრებდა, თუ ამ ენების ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა.
დადგა გამოსვლის დღე და საათი. ქართველი გენერალი ნატოს მაღალ ტრიბუნაზე ავიდა და გაჭედილ დარბაზს ჯერ ინგლისურად წაუკითხა ტექსტი, შემდეგ ფრანგულად და ბოლოს გერმანულად. მართალია, ასეთი რამ პირველად მოხდა ნატოს ისტორიაში, მაგრამ ის არ გაუჩერებიათ და გამოსვლის ბოლოს მქუხარე ტაში დაიმსახურა… შესვენების დროს ქართული დელეგაციის წევრებთან ცნობილი ამერიკელი გენერალი, ჯეიმს ვუდსონი მოვიდა, ქართველ გენერალს მაგრად ჩამოართვა ხელი და მრავალი საქებარი სიტყვა უთხრა, ბოლოს ასე დაასრულა.
– როგორც განათლებულ და პოლიგლოტ კაცს, ნატოს საერთაშორისო დეპარტამენტში მუშაობას გთავაზობთო.
ქართველ „პოლიგლოტ“ გენერალს ვუდსონის ერთი სიტყვაც არ გაუგია, მაგრამ, უღიმოდა და „იეს, იეს“ ეუბნებოდა. ბოლოს კი, ვითომ ნერწყვი გადასცდა, ხველება აუტყდა, მაჯაზე ხელი მომკიდა და ტუალეტში წამათრია. იქაურობას რომ მოვცილდით, ხველა შეწყვიტა, გენერლის სიტყვები მათარგმნინა და მითხრა:
– ახლა მე სასტუმროს ნომერში ავალ და ვინც არ უნდა მიკითხოს, უთხარი, არ ვიცი სადაა-თქო…
ერთი სიტყვით, ჩვენ კიდევ ორი დღე დავრჩით ბრიუსელში და „პოლიგლოტი“ გენერალი არც სპეციალურ ბანკეტზე გამოჩენილა, არც პრესკონფერენციაზე და თბილისში გამოფრენამდე თავის ნომერში იყო ჩაკეტილი. გენერალი ვუდსონი კი მხრებს იჩეჩდა და იმეორებდა – ღმერთო ჩემო, სად გაქრა ეს სიმპათიური პოლიგლოტი ქართველი გენერალიო”.