ჯემალ ჭკუასელი გურული გახლავთ და რასაკვირველია იუმორის გრძნობა არ დაეწუნება. დღევანდელ წერილში „ერისიონის“ ხელმძღვანელის სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ. ბატონი ჯემალი თავისი ცხოვრების არაერთ დასამახსოვრებელ „მოვლენას“ გაიხსენებს.
გურია
1935 წლის 18 მაისს, სოფელ წითელმთაში ღამის სიმყუდროვე თოფის გრიალმა დაარღვია. ამ ალიაქოთის მიზეზი მე გახლდით, რაზეც მამამ, შერმადინ ჭკუასელმა ცოტა მოგვიანებით, გაიხუმრა – ნამეტანი აბდლურად ვისროლე თოფი ჰაერში. სიმართლე თუ გინდა, მაი თოფი ა, აგერ საფეთქელში უნდა მესროლაო. დედაჩემი – ანა გალოგრე ბათუმში სწავლობდა სამედიცინო ტექნიკუმში.
ძალიან პატარა გახლდით. ლანდად, მაგრამ მაინც მახსოვს, ყოველი ორშაბათი, როცა დედაჩემი მთელი კვირით მტოვებდა. ნამუსზე მაგდებდნენ – ვაჟკაცი ხარ, ტირილი როგორ გეკადრებაო. მე მაინც ვსლუკუნებდი. ერთადერთი შვება დედაჩემის კაბა იყო, ამოვიჩრიდი იღლიაში და მთელი დღე აქეთ-იქით ვატარებდი. მას დედის სითბო და სურნელი ახლდა.
დღესაც და მთელი ცხოვრება თან ვატარებ იმ სითბოს, სურნელს. მამაჩემი ჭკუასაკითხავი კაცი იყო. ულამაზესი ხმა ჰქონდა და უამრავი სიმღერა იცოდა. დღესაც, ერთ მისეულ ნამღერს გურულები „შერმანდულს” ეძახიან. ეს ფაქტი ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და ჩვენს დიდებულ მომღერალს, გური სიხარულიძეს ვკითხე „შერმანდული” რომელი სიმღერაა-მეთქი. მან ასე მიპასუხა – შერმადინს რა სიმღერაც არ უნდა ემღერა, ყველა შერმანდული იყოო. ქართველ კაცს ხალხური სიმღერის სიყვარული ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი დაბადებიდან, მაგრამ დიდი მომღერლის გენები მაინც თავის წარუხოცელ კვალს აჩნევს შთამომავლობას. სწორედ ამ გენებმა იჩინეს თავი მის მემკვიდრეობაში. ჩვენ, მისი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები სამუდამოდ დავუკავშირდით ხალხური სიმღერისა და ცეკვის დიდ შემოქმედებას.
ჩემმა უმცროსმა ძმამ, ჯუმბერმა პედაგოგიური დაამთავრა, მაგრამ მასაც ულამაზესი ხმა აქვს. სიმღერაზე არანორმალურად არის შეყვარებული და სადაც არ უნდა იყოს, სულ ღიღინებს. წლების განმავლობაში სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი იყო. ახლა პენსიაზეა.
კომუნისტური პარტიის კრება
დედაჩემი ანა კომუნისტური პარტიის წევრი იყო. მამა შერმადინი კომუნისტებს მაინცდამაინც არ სწყალობდა, ამიტომ დედაჩემს კრებებზე დასწრებაც კი თავიდანვე აკრძალული ჰქონდა.
ერთხელ, მამაჩემთან პარტორგანიზაციის მდივანი მივიდა თხოვნით, რათა ნება დაერთო დედაჩემისთვის პარტკომის არჩევნებს დასწრებოდა. შერმადინი უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა.
დედაჩემი მოწესრიგდა, გალამაზდა, დაისვენა, სუნამო იპკურა და მედიდურად ჩაუარა მეუღლეს.
შერმადინმა თვალი გააყოლა. „ბიჭოს, ლამაზი ცოლი მყოლია“, – გაიფიქრა და მიაძახა:
– სად მიდიხარ, ქალო, შენ?
– პარტიის კრებაზე, – უპასუხა ანამ.
– შენი პარტია არ ვიცი მე, შედი აგერ ოთახში! – დაიჭიხვინა შერმადინმა და გადაისვა ხელი ულვაშებზე.
გიული
ანსამბლში ერთი მომღერალი გვყავს. შესანიშნავად მღერის, მაგრამ კიდევ უკეთესი ოსტატია, ნამდვილი ოქროს ხელის პატრონი. რა გინდა მისი ხელიდან არ გამოვიდეს – ყველა გაფუჭებულ ნივთს ახალივით დააწყებინებს კრიალს.
საოცრად კარგი ბუნების ადამიანია – კეთილი, სათნო, თვინიერი. უარს ვერავის ეუბნება და აბა ასეთ კაცს შემწუხებელი ხომ არ დაელევა. ხან რას ავალებენ და ხან რას. რომ არ მოგატყუოთ, მეც ხშირად ვსარგებლობ ხოლმე მისი ოსტატობითა და გულკეთილობით.
ერთხელაც ჩემს სახლში იყო და კარის დაზიანებულ საკეტს ჩაჰკირკიტებდა. გაისმა ტელეფონის ზარის ხმა. ოთახში სხვა არავინ იყო და ყურმილი მან აიღო. გიული იკითხეს. იმ მომღერალსაც გიული ჰქვია და ჩემი მეუღლის სახელიც გიულია.
– დიახ, ბატონო, გიული გახლავართ. – უპასუხა მან.
ეტყობა დამრეკს მამაკაცის ხმა ეუხეშა და შეკითხვა გაიმეორა:
– ნამდვილად გიული ბრძანდებით?
– ნამდვილად, ჩემო ბატონო.
– ჯემალის მეუღლე გიული ხართ? – ჩაეძია აბეზარი.
– ჯერჯერობით არა, ბატონო, – გაებზარა ხმა მომღერალს.
გაოცებული მილიციის უფროსი
თბილისის ცენტრალურ უბნებში, უამრავი თავშეყრის ადგილი იყო, ეგრეთ წოდებული „ბირჟები“, მაგალითად, პლეხანოვზე და რუსთაველის გამზირზე. მეც, რასაკვირველია, გარეული ვიყავი მარაქაში, თუმცა დიდი „ბირჟავიკი“ არ გახლდით – სად მეცალა ქუჩაში დასადგომად, სულ ვქეიფობდი. მაშინ სხვა წესები და ურთიერთობები იყო. უსამართლოდ არავინ გაგცემდა ხმას.
ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთი ძმაკაცი მყავდა, გვარად კეზევაძე. ტანად გალეული, გამხდარი ბიჭი იყო. რომ შეხედავდით, გეგონებოდათ, ვერავის გაექაჩებოდა, მაგრამ ისეთი ძალის პატრონი იყო – მტრისას! ერთ დღესაც, ჩხუბი იყო. მოვიდა მილიცია და ცუდად აკადრეს რაღაც. ვერ მოითმინა მათგან შეურაცხყოფა და ექვსი მილიციელი მარტომ ისე სცემა, ხინკლებივით დააწყო. რასაკვირველია, ამის გამო დაიჭირეს და მილიციის განყოფილებაში ამოაყოფინეს თავი. მილიციის უფროსს მოახსენეს, კეზევაძე დავიჭირეთ და მოვიყვანეთ, უფროსო, ექვსი მილიციელი გაგვილახა ამ ერთმა კაცმაო.
გადაირია ის კაცი. სასწრაფოდ განკარგულება გასცა, შემოიყვანეთ ჩემს კაბინეტში, როგორ გაბედა, ან ვინ არის ასეთი ძალის პატრონიო. ოთხი მილიციელი ამოუდგა გვერდში და ასე მიჰგვარეს მილიციის უფროსს კაბინეტში დამნაშავე. შეხედა თურმე უფროსმა კეზევაძეს და გაოცდა: ეს ვინ მოგიყვანიათ, მე გითხარით, ის კაცი მომიყვანეთ, ექვსი თანამშრომელი რომ გამილახაო. უთხრეს, ეს არის ის დამნაშავე, ბატონოო. სულ გადარეულა – ამ გაწლიკულმა ადამიანმა რანაირად სცემა ექვს კაცს, ნუ შემშალეთ ჭკუიდანო. მერე დაფიქრებულა და უთქვამს იმ ორი მილიციელისთვის: გაუშვით მაგას ხელი, მოდით აქ, მოიხსენით ქამრები და დაალაგეთ იარაღი ჩემს მაგიდაზეო. ვერ მიხვდნენ, რას უპირებდა უფროსი, მაგრამ ბრძანება უხმოდ შეასრულეს.
მიუბრუნდა თურმე მილიციის უფროსი კეზევაძეს და უთხრა: მიდი ახლა და დასცხე ამათ, მაჩვენე ერთი, რა ძალის პატრონი ხარო. იმასაც მეტი რა უნდოდა?! ეცა თურმე და იმდენი ურტყა, დედა უტირა. ამ დღის შემდეგ ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა ის მილიციის უფროსი და ისეთ პატივს სცემდნენ, რომ გაივლიდა უბანში, „ბირჟავიკები“ „ჩესტს“ უღებდნენ.
„ქართული ლეგენდა”
2001 წლის 15-16 ივნისს პარიზში ვიყავი. ეს ერთგვარი სარეკლამო ჩვენება იყო – სულ ორი კონცერტი. ამ ჩვენებამ შეძრა პარიზი და არა მარტო პარიზი. მას მთელი მსოფლიოს პრესა აღტაცებით გამოეხმაურა. თვით „ნიუ-იორკ თაიმსმა” ჩვენს კონცერტებს ორი სტატია მიუძღვნა, სადაც აღინიშნა, რომ პარიზში გამაოგნებელი სანახაობა იმართებოდა. დამთავრდა ეს ორდღიანი ჩვენება და მთელი საფრანგეთი მოუთმენლად ელოდა შემოდგომას – „ერისიონის” ხელახალ სტუმრობას.
სწორედ ამ დროს გაჩნდა „ერისიონის” კლიპის შექმნის იდეა. ეს იდეა ფრანგებს დაებადათ. მუსიკის შერჩევაზე ფრანგულმა და ქართულმა მხარემ ერთად იზრუნა. არჩევანი შეჩერდა სიმღერაზე – „შატილის ასულო”. მისი გარემიქსება ითავა პასკალ ჯორდანმა და რობერტ ლეგალმა. კლიპის რეჟისორია ცნობილი კლიპმეიკერი ტივ ვერგნესი.
გადაღებები ოთხი დღე მზადდებოდა საფრანგეთის ქალაქ ლე დუზალაში, რომელიც ზღვიდან 1 600 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. გადაღებები კი 3 700 მეტრ სიმაღლეზე მიმდინარეობდა, საკმაოდ მკაცრ ბუნებრივ პირობებში, მინუს ათ გრადუს ყინვასა და ქარში. მოცეკვავეებს ხმალი ლამის ხელში ეყინებოდათ, მაგრამ წუწუნი არ დასცდენიათ.
საინტერესოა, ერთი მოულოდნელი დეტალიც. პასკალ ჯორდანმა თბილისში ჩამოიტანა ჩუქურთმა, რომლის კლიპში გამოყენებაც უნდოდა როგორც „ჯორჯიან ლეგენდის” ლოგოდ. მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩუქურთმა წმინდა ქართული წარმოშობისაა და მეთერთმეტე საუკუნეს მიეკუთვნება. ზემო სვანეთში, სოფელ სუფში არის მეთერთმეტე საუკუნის ეკლესია, რომლის ხის კარზეც აღნიშნული ლოგოა გამოსახული. მსგავსი გამოსახულება გვხვდება თბილისშიც, საპატრიარქოს გალავანზე. სასიამოვნოა, რომ საფრანგეთში ამ ლოგოთი დღესაც გამოდის მაისურები, ქამრები, სანთებელები და დიდი რაოდენობით იყიდება კონცერტების დროს.
კლიპმა საოცარი წარმატება მოიპოვა. ქუჩაში 5 000 ვეებერთელა აფიშა იყო გამოკრული. მეტროს ყველა სადგური „ჯორჯიან ლეგენდის” პლაკატით იყო აჭრელებული. ბილეთები არ იშოვებოდა. შავ ბაზარზე ბილეთების ფასმა ათას დოლარს მიაღწია. ვინც გარეთ დარჩა, ავტოგრაფებს ითხოვდნენ. ამდენი ხელმოწერა ჩვენში გავრცელებულ ბიუროკრატულ ქაღალდებზეც არ დამჭირვებია. ანსამბლის „ოქროს დისკიც” გამოიცა. უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. „ოქროს დისკი”, რომელიც 100 000 ტირაჟით გამოვიდა, ორი კვირის განმავლობაში მთლიანად გაიყიდა.
„გამასხარავებული გურული“
წინა დღის ნაქეიფრები ვიყავით ბიჭები და გადავწყვიტეთ, პლეხანოვზე, რესტორან „რუსთავში“ „პახმელიაზე“ ხარჩოთი გამოვიდეთ. მოკლედ, შევედით და დავსხედით. გავიხედეთ, რესტორანში შემოვიდა ტიპიური გურული კაცი. ქცევაზე ეტყობოდა, ახალი ჩამოსული იყო ქალაქში და ფიქრობდა, არ დამჩაგრონ, ჩემი ადგილი უნდა დავიმკვიდროო. მამალივით იყურებოდა აქეთ-იქით. შუბლზე ეწერა – არიფი არ გეგონოთ და ზედმეტი არავინ გამიბედოთ, თორემო… „გალიფე“ შარვალი აცვია და „ნასკები“ შარვალზე აქვს „ბულავკით“ მიბმული, ჯიბეზეც „ბულავკა“ აქვს მიბნეული – ეტყობა, ფული უდევს და, არ ამომაცალონო.
დაჯდა იქვე მაგიდასთან და პრაწავს თვალებს. ჩვენც, მეტი რა გვინდა? ჩუმად, მის გასაგონად ჩავილაპარაკე, ასე და ასე გურულებს-მეთქი. გავხედე, წამოყო კისერი – ვერ მიხვდა, ვინ თქვა გურულებზე ძვირი. ბოლოს ოფიციანტს მოუხმო და ჰკითხა გურული კილოთი: „გაქვენ რამე“? არადა, რესტორანშია და აბა არ ექნებათ რამე? ოფიციანტმაც უპასუხა: კი ბატონო, ხაჭაპურიო. გურული დაიჭყანა – ხაჭაპური არა, იი გაქვენ… კიდევ რა გაქვენ? სალიანკაო. ისევ დაიჭყანა – სალიანკა, თორემ, გექნებათ თქვენც იი… არადა, რა არის ეს „იი“ კაციშვილმა არ იცის.
ოფიციანტი დაიბნა, ხარჩო გვაქვს, გურულიო, – შესთავაზა. ისევ აბურდღუნდა: „ხარჩო არა, იი!“ ამ დროს ჩავილაპარაკე – გურულების ასე და ისე-მეთქი. მამალივით წამოყო თავი. ისევ ვერ მიხვდა, ვინ იყო. მოკლედ, როგორც, იქნა ხარჩო მოუტანეს და კოვზი რომ მიიტანა პირთან, ისევ ვთქვი – გურულები ასე და ისე-მეთქი და, გამომიჭირა: დააგდო კოვზი მაგიდაზე გაბრაზებულმა და დამიყვირა: შენ მართლა ჩივი გურულებზე თუ ხუმრობ, ძამა? ვუპასუხე, მართლა ვამბობ-მეთქი. გაეცინა. მითხრა – რეიზა არ გიყვარვართ, არ ვართ გურულები ცუდი ხალხი, ბიჯოო. ვუთხარი – გეხუმრეთ ბატონო, მეც გურული ვარ-მეთქი. გურული ხარო?! – წამოხტა, აიფოფრა, გამოიწია საცემრად – თუ გურული ხარ, რავა დამცინი ქალაქში ჩამოსულს შენ მაინცო. ძლივს დააკავეს და დააშოშმინეს საწყალი.
სახელდახელოდ გადახდილი ქორწილი
ერთხელ მე და ჩემი ახალშერთული მეუღლე ტროლეიბუსში ავედით. სანამ ბილეთს ვიყიდდი, ჩემმა მეუღლემ წინ ადგილი დაინახა და წავიდა. ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ. გოგონა რომ დაინახეს, მიაძახეს – ქალიშვილოო. მივუახლოვდი და ხაზგასმით, მკაფიოდ ვუთხარი: ბიჭებო, ეს ქალიშვილი ჩემი მეუღლე არის-მეთქი. „ვა, მომილოცავს, უკვე მოიყვანე ცოლი, ძმაო? წამო, ჩავიდეთ, ვიქეიფოთ, არ უნდა აღნიშნო ცოლის მოყვანაო?“ ატეხეს ერთი ამბავი. მართლაც, გაჩერდა თუ არა ტროლეიბუსი, ჩამოვედით და იქვე რესტორანში შევედით. ასე გადავიხადე უცხო ხალხისთვის პატარა ქორწილი.
დამფრთხალი მოცეკვავე
ერთხელ, გასტროლები გვაქვს ანსამბლს. საერთოდ, მკაცრი ვარ და მოცეკვავეებს წესრიგს ვთხოვ, თან, იციან, დაგვიანებას ვერ ვიტან, მით უმეტეს – სცენაზე ცეკვის დროს. კონცერტის მსვლელობისას, მე კულისებში, ყოველთვის პარტერიდან მარჯვენა მხარეს ვდგავარ. იმ დღეს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, მეორე მხარეს დავდექი. დაიწყო ფარიკაობა. ვხედავ, ერთი გოგო აკლია სცენაზე. მომაწვა სისხლი კისერში, ვიფიქრე, სად არის ეს მამაძაღლი-მეთქი. ამ დროს ვიღაცამ დამარტყა ხელი მხარზე და უხეშად მითხრა: რას დამდგარხარ აქ, ვერ ხედავ, ხელს მიშლი, ვერ გავდივარ სცენაზე, გაიწი იქითო. მივხვდი, ის დაგვიანებული მოცეკვავე იყო. არ გავიწიე. უცებ არ მომაძახა გადი, შე კრეტინო, მომკლავს ჯემალიო?! აი, მაშინ კი შემოვბრუნდი და რომ მიცნო, კინაღამ მოკვდა. სცენაზე კი გავიდა, მაგრამ მკვდრის ფერი ედო, ძლივს იცეკვა.