თუ თქვენი შეფის ზოდიაქოს ნიშანი თუ იცით, ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ მოიპოვოთ მისი კეთილგანწყობა ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ვერძი
ვერძი-უფროსის ბრძანების ზანტად შესრულება წარმოუდგენელია. ვერძი ვერ იტანს, როცა ვინმე უნიათოდ ან ენთუზიაზმის გარეშე მუშაობს. მას ყველაფერში სისწრაფე უყვარს. თუ შეგატყოთ, რომ საქმეს თავს არიდებთ, ეგრევე საყვედურს გამოგიცხადებთ, მაგრამ თუ ბოდიშს მოუხდით და გამოსწორებას შეჰპირდებით, გაპატიებთ და თანაც – არაერთხელ. როცა ვერძი უფროსი გყავთ, შინ ადრე ვერ დაბრუნდებით. რაც შეეხება დაწინაურებას, ხელფასის მომატებას, ვერძი გაგებით მოგეკიდებათ, მაგრამ თუ საქმე ფირმისთვის რაიმე მნიშვნელოვანს ეხება, პირადი ცხოვრების დავიწყებას მოგთხოვთ. მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ვერძი უფროსი ჩვეულებრივ გულუხვად დაგასაჩუქრებთ. საჩუქრად სწორედ იმ ნივთს მიიღებთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდით და შეძენის საშუალება არ გქონდათ. ვერძი ძუნწი არ არის. თუ აგრძნობინებთ, რომ პატივს სცემთ როგორც უფროსს და აფასებთ საქმისადმი მის დამოკიდებულებას, დარწმუნებული იყავით დაგიფასდებათ. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ უნდა უთხრათ, თუ ნამდვილად ასე ფიქრობთ. სიყალბეს და არაგულწრფელობას ვერძი ვერ იტანს. მიუხედავად ფიცხი ხასიათისა, ვერძი-უფროსი სიკეთეს უფრო დაგინახავთ და დაგიფასებთ, ვიდრე სხვა ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი უფროსი.
კურო
კურო-უფროსი სამსახურში თავშეკავებული ადამიანია, მაგრამ საზღვარი მის მოთმინებასაც გააჩნია. თქვენი უფროსი წყნარი, მშვიდი გგონიათ? ცდებით. კუროები უცნაური და საშიში არსებები არიან. კურო უფროსები იშვიათად კმაყოფილდებიან პატარა საქმეებით და ცდილობენ, გააფართოვონ თავიანთი წარმოება და ნამდვილ იმპერიად აქციონ. როცა კურო უფროსს ელაპარაკებით, საქმის არსი მოკლედ და ზუსტად უნდა აუხსნათ. მან შეიძლება არც გითხრათ, რომ ბევრს ლაპარაკობთ, მაგრამ გუნებაში მაინც გაიფიქრებს. კურო – უფროსი ცხარე კამათს, დინჯ და აზრიან განსჯას ამჯობინებს. მოსწონს, როცა მისი თანამშრომლები მოწესრიგებული და ელეგანტურები არიან. თუ საუბრისას კურო უფროსმა დაჯდომა შემოგთავაზათ, გათხლარშვა, სავარძლის საზურგეზე გადაწოლა ან ფეხების ჟურნალის მაგიდაზე შემოწყობა არც იფიქროთ. თუ ახალი იდეით ფრთაშესხმული მის კაბინეტში შეიჭრებით და ენერგიულად დაუწყებთ საუბარს , იგი სრულიად გულგრილად მოგექცევათ. კურო ბუნებით კონსერვატორია. ყველა ნოვატორული იდეა საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს პრაქტიკაში. კურო – უფროსს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს, არასდროს ივიწყებს ერთგულ თანამშრომლებს, რომელთა იმედიც ყოველთვის აქვს.
ტყუპები
ტყუპ-უფროსს პუნქტუალობის სენი სჭირს. წამდაუწუმ საათზე იხედება, მოსაწევ ოთახში თქვენს ყოველ გასვლას აფიქსირებს. მაგრამ არის დღეები, როცა ნახევარი დღე სამსახურში რომ არ იყოთ, საერთოდ ვერ შეამჩნევს. მისი გუნება-განწყობის პროგნოზირება შეუძლებელია. კაბინეტში ყოფნისას, ტყუპი-უფროსი უმეტესად ბოლთას სცემს. ერთ ადგილას ჯდომა მისთვის წარმოუდგენელია. ტყუპ-უფროსთან მონოტონურობასა და მოწყენილობას ვერ იგრძნობთ. იგი გაიძულებთ, მის კაბინეტში ავეჯს ადგილი შეუცვალოთ. მდივანს ნაკლოვანებებზე მიუთითებს, შემოიღებს ჯარიმისა და წახალისების ახალ სისტემას. მის მახვილ თვალს გულმოდგინედ შენიღბული შეცდომაც კი არ გამოეპარება. ტყუპი უფროსი დისკუსიების ოსტატია. კამათში იმდენ არგუმენტებს და ფაქტებს მიგაყრით, რომ ბოლოს ფარხმალს დაგაყრევინებთ.
ტყუპი-უფროსი იშვიათად ჩერდება ერთ სამუშაოზე. როგორც კი რაიმე განსაზღვრულ წარმატებას მიაღწევს, აღიარებას მოიპოვებს, გული სხვა, ჯერ არ ნაცადი ადგილებისკენ მიუწევს. ყოველივე ახლისკენ მისწრაფება ტყუპებს მთელი ცხოვრება, ღრმა მოხუცებულობამდე მიჰყვებათ.
კირჩხიბი
თუ კირჩხიბი უფროსი გყავთ, დაივიწყეთ ხუმრობა და მხიარულება, გაიკეთეთ ელეგანტური ვარცხნილობა, შეიძინეთ მკაცრი ჰალსტუხი და მძიმე, დაძაბული სამუშაოსთვის მოემზადეთ. სერიოზული და შრომისმოყვარე კირჩხიბი-უფროსი თავის გვერდით უსაქმურ და ზარმაც თანამშრომელს ვერ აიტანს. მისი აზრით, 8-საათიანი სამუშაო დღიდან 7 საათი და 59 წუთი მხოლოდ მუშაობას უნდა დაეთმოს. კირჩხიბს სამუშაო ფულის გამო უყვარს, ხოლო ფული მისთვის ყველაფერია: სიმდიდრე, პრესტიჟი, ძალაუფლება…
რაც უფრო მეტს იმუშავებ, მით უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებ – ეს კირჩხიბის ცხოვრებისეული კრედოა. კირჩხიბ-უფროსებს შორის ქალები სჭარბობენ. კირჩხიბი ქალი უსამსახუროდ თავს არასრულფასოვნად გრძნობს. ოჯახურ კეთილდღეობასთან ერთად, მათთვის ფული ცხოვრებაშიმთავარი რამ არის. ინტუიციის წყალობით, კირჩხიბმა კარგად იცის, რა ხდება მისი თანამშრომლების გულში და შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარება მათ. კირჩხიბ-უფროსთან მუშაობა იმითაც არის კარგი, რომ მასთან ერთ თვეში ისწავლი იმას, რასაც სხვაგან წელიწადიც არ ეყოფა. კირჩხიბი –უფროსი კეთილი, პატიოსანი და სამართლიანია.
ლომი
ლომ-უფროსს თავის ოფისში ორიგინალური იდეების მქონე, მაგრამ მოკრძალებული ადამიანები ურჩევნია, რომელთაც ჭკუა ეყოფათ და ამ იდეებს თავისად არ გაასაღებენ. რა თქმა უნდა, ლომ-უფროსს ასეთი თანამშრომლები ძალიან ეყვარება. არც ჯილდოებს და პატივისცემას მოაკლებს მათ. რაც შეეხება იდეებს, ისინი ხომ ლომისაა. მან უბიძგა აღმოჩენებისკენ და იმათაც სხვა არაფერი დარჩენოდათ. ლომი-უფროსი ხანდახან უმადური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ლომის კაბინეტი უმეტეს შემთხვევაში მეფურ აპარტამენტს წააგავს – სქელი და ფუმფულა ხალიჩებით მოფენილი იატაკი, დიდ ლარნაკებში ჩაწყობილი ყვავილები. ყველაზე გამოსაჩენ ადგილას კი ლომის მიერ ოდესღაც მიღებული დიპლომი და ჯილდოები კიდია. ლომი-უფროსის თანამშრომელი არა მარტო შემოქმედებითი, ორიგინალური, გამბედავი და შრომისმოყვარე უნდა იყოს, არამედ იმის აღიარებას უნდა შეეძლოს, რომ მისი უფროსი უფრო ორიგინალური, ჭკვიანი და შრომისმოყვარეა. ლომი-უფროსი უარს ვერ იტანს. ასევე ვერ იტანს ჭორებს, საიდუმლოებებს, ინტრიგებს, რომლებიც რაღაცით მის პიროვნებას ეხება. ლომი-უფროსები თავს ვალდებულად მიიჩნევენ, ყველაფერი იცოდნენ თავიანთი თანამშრომლების შესახებ.
ქალწული
თუ უფროსად ქალწული გყავთ, ეცადეთ, ძალიან მკაცრად არ მოეკიდოთ. ხშირად გულის სიღრმეში იგი არცთუ ისეთი მშვიდი და ბედნიერია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ქალწულები ლიდერებად არასდროს იბადებიან. თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ. ქალწული თავისი უფროსის კარგი მრჩეველი უფროა, ვიდრე თავად უფროსი. ქალწული აკეთებს ბევრს, მაგრამ ყოველთვის ჩრდილში რჩება. ქალწულ-უფროსებს ვერაფრით გაუგიათ, რა საჭიროა ისეთი მეორეხარისხოვანი და, მათი აზრით, უმაქნისი მოვალეობების აღსრულება, როგორიცაა: შეხვედრები, გაცილებები, სადილები, ვახშმები და სხვა ამგავრი სისულელეები. ქალწული-უფროსი მოუწესრიგებელ, ფეთხუმ, დაუდევარ თანამშრომლებს ვერ აიტანს, თუნდაც გარეგულად მზეთუნახავი იყოს. თუ გსურთ ქალწულ-უფროსთან სამსახურში დაწინაურდეთ, ყოველთვის სწრაფი, ზუსტი, საზრიანი და მოწესრიგებული უნდა იყოთ. მისი ყოველი შენიშვნა, შეკამათების გარეშე მიიღეთ. ქალწულმა-უფროსმა კარგად იცის, ვინ რისი მაქნისია, მას ვერ მოატყუებთ. გახსოვდეთ, მიუხედავად ოჯახური მდგომარეობისა, იგი შინაგანად მაინც მარტოხელაა და ამიტომ თქვენს მეგობრულ თანადგომას დიდად აფასებს
სასწორი
სასწორ-უფროსს კაბინეტში იშვიათად იხილავთ. იგი გამუდმებით წონასწორობის დამყარების მცდელობაშია. თუ სასწორმა გონებისა და ემოციების ჰარმონიას მიაღწია, მასთან მუშაობა უფრო სასიამოვნო გახდება. მისი კაბინეტი ყოველთვის მშვიდ ფერებშია გაწყობილი, კედლებზე სურათები და გრავიურები კიდია, რასაც თან ახლავს წყნარი დამამშვიდებელი მუსიკა. სასწორ-უფროსებს ერთი იშვიათი თვისება აქვთ – მშვიდები და იმავდროულად აქტიურები არიან. მათი საქციელი ხშირად შენელებულ კადრს წააგავს. სასწორ-უფროსთა უმრავლესობას უყვრას ლაპარაკი, თანაც საოცარი დამაჯერებლობის უნარი გააჩნიათ. სასწორ-უფროსებს შორის ძალიან ხშირად გვხვდებიან ქალებიც. ერთადერთი, რითაც ისინი სასწორი მამაკაცებისგან განსხვავდებიან, დისციპლინისადმი მეტი მომთხოვნელობაა. სხვა მხრივ კი ისეთივე პატიოსნები, სამართლიანები და სხვისი აზრისთვის ანგარიშის გამწევნი არიან. თითქმის ყველა სასწორ-უფროსს უყვარს ხანდახან თანამშრომლების სახლში მიპატიჟება. შეეცადეთ, ხმამაღალი სიცილით, ვულგარული მანერებით და ცხარე კამათით შეხედულება არ გაუფუჭოთ. გახსოვდეთ, რომ მისი დევიზი ჰარმონიაა. თუ მოახერხებთ და მისი თანდასწრებით ამ ჰარმონიას არ დაარღვევთ, ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა უზრუნველყოფილი გექნებათ.
მორიელი
თუ რაიმე გაქვთ დასამალი, გირჩევთ მორიელ – უფროსთან არ იმუშაოთ. იგი მაინც გამოგააშკარავებთ. სამაგიეროდ, მორიელი სხვა უფროსებისგან განსხვავებით, უკეთ გაგიგებთ, შეაღწევს თქვენს სულში, მიგიხვდებათ განწყობას და ეცდება, დაგეხმაროთ რთულ პერიოდში. მორიელი-უფროსი თანამშრომლებს საგულდაგულოდ არჩევს და პირად სიმპათიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ ესიმპათიურებით, ყურადღებით მოეკიდება თქვენი დაწინაურების საკითხს და ყოველმხრივ ხელს შეგიწყობთ. ხოლო თუ ასე არ არის, უბრალოდ, სამსახურში არ აგიყვანთ. თუ მის მოსვლამდე სამსახურში სხვამ მიგიღოთ, ეცდება, თავიდან მოგიშოროთ. ნუ შეამკობთ მორიელ-უფროსს ხშირი კომპლიმენტებით. ბუნებით ეჭვიან მორიელს ეს იმდენად არ უყვარს, რომ რაიმე ფარულ ჩანაფიქრში დაგადანაშაულებთ. ასევე, ნუ ეცდებით მის დაჩრდილვას. ასეთი საქციელი შესაძლოა არათუ სამუშაოს, არამედ ჯანმრთელობის ფასიც დაგიჯდეთ.
მშვილოსანი
მშვილდოსანი-უფროსი დილიდანვე ისეთი სისწრაფით დაქრის აქეთ–იქით, რომ გაჩერება არ შეუძლია, ამის დიდი სურვილიც რომ გააჩნდეს. მშვილდოსანი-უფროსი იშვიათად ბუზღუნებს და ბრაზობს. ხშირად კარგ ხასიათზეა. იგი გულუხვია და ფინანსური გაჭირვება თუ გაქვთ, ყოველთვის მოგცემთ უფლებას წინასწარ აიღოთ ერთი თვის ხელფასი. თუ ეს შეუძლებელია, საკუთარ ფულს გასესხებთ. მშვილდოსანი-უფროსი საყვარელ საქმეს ბოლომდე ერთგულობს, დემოკრატიული, გულწრფელი და მეგობრობის მოყვარულია. მშვილდოსან-უფროსს უამრავი ნაცნობ–მეგობარი ჰყავს სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. მშვილდოსანი-უფროსი ვერ იტანს უსინდისობას, სისასტიკეს, ეგოიზმს, სიძუნწეს, პესიმიზმს, გულჩათხრობილობასა და ფარისევლობას. ასეთ ადამიანთან მუშაობა სასიამოვნოა. მართალია, მასთან მუშაობისას არასოდეს გეცოდინებათ, რა იქნება ხვალ, მაგრამ მასთან მუშაობის თითოეული დღე მხიარული იქნება.
თხის რქა
თხის რქა მთელი დღე არ დგება თავისი სავარძლიდან. მის კაბინეტში ტელეფონები განუწყვეტლივ რეკავს, ზარებს თხის რქა მშვიდად პასუხობს. მისი სამუშაო დღე ძალიან ადრე იწყება და გვიან ღამით მთავრდება. თხის რქა ძალიან განიცდის, როცა იძულებულია, ოჯახისთვის განკუთვნილი დრო სამსახურს მოახმაროს. თანამშრომლებისთვის თხის რქა-უფროსი მშობელ მამასავით მკაცრი, მაგრამ სამართლიანია. მათგან არა მარტო მორჩილებას, არამედ თავდადებასაც მოითხოვს. დავალებას მბრძანებლური ტონით ან ყვირილით არასდროს იძლევა. თხის რქა-უფროსი თანამშრომლებს არასდროს ეპირფერება, არც კომპლიმენტებით ანებივრებს. ქებაში ძალიან თავშეკავებულია. სამაგიეროთ, ყოველთვის ყურადღებით მოისმენს თქვენს პრობლემებს და დაგეხმარებათ. თხის რქა-უფროსი იმდენად მორიდებულია, რომ საკმარისია ვინმემ მისი ღირსებები ახსენოს, ეგრევე წითლდება. იმდენად შრომისმოყვარეა, რომ ზოგჯერ ჭამაც ავიწყდება. ჩაცმის მხრივ თხის რქები უპირატესობას მუქ კოსტიუმს, თეთრ პერანგს და სადა ჰალსტუხს აძლევენ. მასთან მუშაობისას ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მანერებს. იყავით თავშეკავებული, მოხერხებული და შრომისმოყვარე.
მერწყული
მერწყული-უფროსები ვერ იტანენ უპასუხისმგებლო თანამშრომლებს. მერწყულ-უფროსთან მუშაობისას გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:
ნუ ესესხებით ფულს – მას შესაძლებლობის ფარგლებში მცხოვრები ხალხი უყვარს; სამსახურში ბოლომდე დაიხარჯეთ. მერწყული-უფროსი ვერ იტანს ისეთ ადამიანებს, რომლებიც სრულ ხელფასს ნახევრად გაკეთებულ საქმეში იღებენ. ნუ ეცდებით მის პირად ცხოვრებაში ჩარევას და რჩევების მიცემას. ნუ განსჯით მის მოულოდნელ საქციელს და გადაწყვეტილებებს, რადგან, მისი აზრით, ყველას აქვს უფლება, თავის ჭკუაზე მოიქცეს. მერწყულ-უფროსთან მუშაობისას ყოველგვარი მოულოდნელობებისთვის მზად უნდა იყოთ. თანამდებობის მიუხედავად, ყველა თანამშრომელს შეუძლია მის კაბინეტში შესვლა და გულახდილი საუბარი. სიმპათია, თანაგრძნობა და სიყვარული მერწყულს ყველასთვის ეყოფა.
თევზები
ტიპური თევზი-უფროსი ერთ ადგილას დიდხანს ვერ ძლებს. მას ყველაზე მეტად მწერლის, მსახიობის ან მხატვრის პროფესია შეეფერება. ჩვეულებრივი თანამდებობები – თავიანთი მკაცრი დისციპლინით, რეგლამენტით და ოფიციოზის შეზღუდვებით – მგრძნობიარე თევზებისთვის მიუღებელია. თევზ-უფროსს უყვარს მივლინებები. ასეთი მოგზაურობა მელანქოლიურ განწყობილებას სწრაფად უფანტავს, თანაც ამ დროს მარტოობა ურჩევნია. საუბრისას თევზი-უფროსი მონაცვლეობით გამოთქვამს ურთიერთსაწინააღმდეგო იდეებს; ცდილობს, კამათი გამართოს და თანამშრომელთა ფარული აზრები ან გეგმები შეიტყოს. თუ საუბარი უინტერესო ხდება, თევზის გონება სხვაგან ქრის, თუმცა თავს ისე მოგაჩვენებთ, თითქოს სიამოვნებით გისმენთ. თევზი-უფროსი თანამშრომლის წყენინებას ერიდება და საუბარს მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში აწყვეტინებს. თევზი-უფროსის გადაკრულ სიტყვას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ – შესაძლოა, მისი მნიშვნელობა მხოლოდ გარკვეული დროის მერე გაიგოთ და უკვე გვიან იყოს.