სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მუნიციპალურის შემდეგ კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკების შემოწმებას იწყებს.
მიმდინარე წელს ინსპექტირება ჩატარდა თბილისის 62, შიდა ქართლის 27 და ქვემო ქართლის 46 ბაღში.
2014 წელს გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო გურიაში დაჯარიმდა 6 ბაღი. თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში სასადილოში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო გაიცა რეკომენდაციები, ხოლო ერთ-ერთ მუნიციპალურ ბაღში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინეს.
დღეისათვის ინსპექტირებისათვის შეფასებულია 353 ბაგა-ბაღი.
16 მარტისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველო დაასრულებს ქალაქის 159 მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღის შემოწმებას, რის შემდეგაც დაიწყება კერძო ბაღების მონიტორინგი. ინსპექტირებისათვის უკვე შეფასებულია 78 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კვების ბლოკი.
შემოწმების შედეგები ცხადყოფს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების უმეტესობა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, თუმცა, ზოგიერთი ბაღის კვების ბლოკში კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რის გამოსასწორებლადაც მათ კონკრეტული ვადები აქვთ დადგენილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებზე კონტროლს პერმანენტულად განახორციელებს, კერძო ბაღების მფლობელებს კი მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი კანონმდებლობის შესაბამისად, 500 ლარით დაჯარიმდებიან.