ლანჩხუთში, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა სიცოცხლეს შენობის ავარიულობის გამო აშკარა საფრთხე ექმნება.
ამ დროისთვის სამსახურში 10 კაცია დასაქმებული და მათ სარგებლობაში ოთხი ოთახია, მეხუთეში კი არქივია განთავსებული. ეს ის ოთხი ოთახია, სადაც შედარებით შეიძლება ადამიანმა დღის განმავლობაში გაძლო, თუმცა აქაც ჭერი ჩამოწეულია.
იმ ოთახს, სადაც სამხედრო აღრიცხვის სამსახურის არქივია განთავსებული, არქივი შეიძლება პირობითად ვუწოდოთ. იქ ნესტისგან მორიელებიც კი გაჩნდნენ. თითქმის ყველა ოთახში ჭერიდან წყალი ჟონავს, ირგვლივ ნესტისა და ობის სუნია, კედლებზე ბათქაში თითქმის არცაა შერჩენილი.
ჩვენი ინფორმაციით, სამსახურის უფროსმა არაერთხელ დააყენა საკითხი ლანჩხუთის გამგეობის წინაშე, თუმცა მას შედეგი დღემდე არ მოყოლია. როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, არის პირობები, თუმცა რეალური შედეგი ჯერ არ დამდგარა.
ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე ამბობს, რომ არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს აღნიშნულ სამსახურს ალტერნატიული ფართი გამოუყოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ.
„ნამდვილად არის იმის შესაძლებლობა, რომ აქ დასაქმებული ხალხი უსაფრთხო შენობაში გადავიდეს. ვთვლი, რომ ყველაფრის თავი საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულებაა. აქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, კაცმა არ იცის ჭერი როდის დაეცემათ თავში. მართლა რამე რომ მოხდეს, მერე უკვე ძალიან გვიანი იქნება“.
გამგეობის ადმინისტრაციის უფროსის მაგული კუნჭულიას თქმით, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურისთის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა უკვე 3-4 თვეა მუშაობს. რასაც ადასტურებს ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჩხაიძეც.
გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსს, გოგი ფაცურიას ინფორმაციით კი, არსებობს ორი ალტერნატიული ვარიანტი – ან ყოფილი სტამბის შენობაში უნდა განთავსდეს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური, ან ძველი სასტუმროს შენობაში.