თამრიკო მიქაუტაძე ქალაქ ოზურგეთში, დაბა ანასეულში, უნივერსიტეტის ქუჩაზე პატარა "ფიცრულში" ცხოვრობს. მას ორი შვილი ჰყავს. უფროსი 2 წლისაა, უმცროსი კი 3 თვის. 41 წლის ქალბატონის თქმით, ისინი უკიდურესად გაჭირვებული არიან.
"გურია ნიუსი" იქ მაშინ მივიდა, როცა რამდენიმე თვის პატარა ტიროდა, დედა კი შეწუხებული ხმით არწევდა, გაჩუმდიო. როცა მივედით და ვკითხეთ, რა იყო პატარას ტირილის მიზეზი, დედამ გვიპასუხა:
"ვერ ვკვებავ, ბუნებრივი კვება არ ჰყოფნის, რძე ნაკლებად მაქვს, მშიერია და ტირის.
2 წლის პატარას ყველაფერს ვაჭმევთ, რასაც საჭმელი ჰქვია, მაგრამ სამი თვის ბავშვს რა ვუყო? არ ჰყოფნის ბუნებრივი რძე, "ჰუმანა" სჭირდება და საშუალება კი არ გვაქვს, რომ ბავშვს ვაჭამო, ვერ ვყიდულობ, მე შეუძლოდ ვარ, ფიზიკური მუშაობა არ შემიძლია, ძალიან გვიჭირს, პატარა, თითქმის, მშიერი მყავს", _ გვითხრა თამრიკო მიქაუტაძემ.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში კი თამარ მიქაუტაძის მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან.
"თამარ მიქაუტაძეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის დახმარების მოთხოვნით, განცხადებით არ მოუმართავს, შესაბამისად, მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია", _აღნიშნავენ პრესსამსახურში.