მოგეხსენებათ, ფოთელთა სტადიონი მშენებლობის სტადიაშია და "კოლხეთს" საშინაო მატჩების გამართვა ძირითადად ლანჩხუთში უწევს და ბუნებრივია "გურიასთან" სამასპინძლოდ სხვა ქალაქი აირჩია.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დაპირისპირების გმირად სტუმართა მეკარე, მიხეილ გოგუაძე იქცა. წლების მანძილზე მეორე მეკარის სტატუსით მოთამაშე გოგუაძემ, ზედიზედ მეორედ ითამაშა ძირითადში და ორივე შემთხვევაში კარი ხომ "მშრალად" შეინახა, ქუთაისში კი სულაც სასწაულები აკეთა. მინიმუმ სამი ურთულესი ბურთი მოიგერია მან და მოგებაში ლომის წილიც დაიდო.
თავად შეხვედრა პირობითი მასპინძლების დომინირებით დაიწყო და საწყის ხუთწუთეულში მათ ორჯერ გატანა მართებდათ. ორივე ეპიზოდი უმწვავესი იყო და ორჯერვე გოგუაძემ იმარჯვა. პირველ ჯერზე პირისპირ შეყრილ შენგელიას აუღო დარტყმული და შემდეგ დამატებული, ხოლო მეორეჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან გასროლილ ურთულეს ბურთს საოცარი სეივი შეაგება.
მისი თავდაჯერება გუნდსაც გადაედო და მალე ვილი ისიანმა მეტოქის კარის ხარიხას მოუსინჯა გემო. მეოცე წუთზე კი გოლიც გავიდა – ფლანგიდან ასხლეტილ ბურთს საჯარიმოში ალეკო კოშკაძე დაუხვდა და შეუჩერებლივ ლამაზი დარტყმაც გამოუვიდა.
ამ გოლმა ზღვისპირელებზე ცივი შხაპის ეფექტი იქონია და მატჩის სადავეები მთლიანად გურულებმა ჩაიგდეს ხელში. შესვენებამდეც და შემდგომ რამდენიმე შანსიც ებოძათ მათ ანგარიშის გასაზრდელად, მაგრამ ერეკლე კილაძეს და იმავ ისიანს სიზუსტემ უმტყუნა.
დრამატული გამოდგა ბოლო წუთები. ფოთელებმა თამაშის გადარჩენა მოიწადინეს და ორი მომენტიც გაანიავეს. ჯერ იყო და ბურთი ხარიხამ აისხლიტა, სულ ბოლოს კი ერთბაშად სამი მოიერიშე გოგუაძის პირისპირ აღმოჩნდა. თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ გოგუაძე ასე არ ფიქრობდა -მომხვდურის დარტყმული მან საოცარი რეაქციის ხარჯზე უკუაგდო, დამატებაზე კი მეტოქე მსაჯს დააჯარიმებინა.
ამ სამი ქულით ‘გურია" ცხრილის მეექვსე საფეხურზე ავიდა და წამყვან სამეულს 5 ქულით დაუახლოვდა. თემურ ლორიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: გოგუაძე _ ბენაშვილი, კილაძე, ცინცაძე, მჭედლიშვილი _ ზაზულია, კოშკაძე, მოსიაშვილი (გაბრიჩიძე 79), ინგოროყვა (შეველი 70), შალამბერიძე _ ისიანი (კუკულაძე 90).
მორიგ ტურში ლანჩხუთელებს ურთულესი საშინაო მატჩი ელით 18 მარტს მეორეადგილოსან გორის "დილასთან".