ზუგდიდის კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის _ "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენება გაიმართა. დოკუმენტური ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, ყოფილი პოლიტმატიმრის გია სალუქვაძის ორგანიზებით ჩატარდა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების მხარდამჭერები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გონერი პაპავა აცხადებს, რომ ის საქმის კურსში არ არის სკოლებში სიების შედგენისა და დღევანდელი ფილმის პრემიერაზე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასწრებაზე გაფრთხილების შესახებ. დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ გარვცელდა ინფორმაცია, რომ მოქალაქეები ნაციონალური მოძრაობის ოფისისკენ აპირებდნენ წასვლას და პროტესტის გამოხატვას.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრულო პოლიციის მიერ პარტიის მიმდებარე ტერიტორია კონტროლდებოდა, ოფისთან არავინ გამოჩენილა, თუმცა რამდენიმე მოქალაქე საჯარო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატის როლანდ ახალაიას სახლთან მივიდა. აქციის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში საქართველოს პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.