თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. "თხევადი ჰეროინის ტრანზიტის" საქმეზე, სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ბრალდებულების – შეფიქ სემიზოღლუს, ევგენი გორგაძისა და ამჟამად ძებნაში მყოფი ჩოშქუნ ბაირამის მიმართ, დაასრულა.
სასამართლომ შეფიქ სემიზოღლუ და ევგენი გორგაძე უდანაშაულოდ სცნო და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, ხოლო ჩოშქუნ ბაირამს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ცნობისთვის, ჩოშქუნ ბაირამს, შეფიქ სემიზოღლუს და ევგენი გორგაძეს ბრალად ედებოდათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხოლო ჩოშქუნ ბაირამსა და შეფიქ სემიზოღლუს ასევე ბრალად ედებოდათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით შეფიქ სემიზოღლუ და ევგენი გორგაძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი და გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო ჩოშქუნ ბაირამს დაუსწრებლად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
ხოლო განაჩენი ჩოშქუნ ბაირამის მიმართ, რომელიც გამოტანილ იქნა დაუსწრებლად, შეიძლება გასაჩივრდეს მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.