უნიკალური ქართული ექსპონატი, ვანში აღმოჩენილი "ჭაბუკის ტორსი" ვენეციის გამოფენის შემდეგ, 2016 წლის მარტამდე, ვაშინგტონის ეროვნულ გალერეასა და ჟან-პოლ გეტტის მუზეუმში გამოიფინება.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი ამჟამად მიმდინარე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კულტურული მოვლენის თანამონაწილეა. 2015 წლის 14 მარტს ფლორენციაში, პალაცო სტროციში, ლოს ანჯელესის ჟან-პოლ გეტის მუზეუმის, ვაშინგტონის ეროვნული გალერეისა და ტოსკანის მთავარი არქეოლოგიური სამმართველოს ორგანიზებით გაიხსნა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური გამოფენა "ძალაუფლება და პათოსი – ელინისტური სამყაროს ბრნჯაოს ქანდაკებები".
გამოფენაზე, რომელზედაც მნახველს პირველად ერთად შეუძლია იხილოს არა მხოლოდ ელინისტური ხელოვნების, არამედ ზოგადად "ძველი სამყაროს შედევრებად აღიარებული ნიმუშები" მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებიდან, როგორებიცაა ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმი, ნიუ-იორკის მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმი, ფლორენციის უფიცის გალერეა, ნეაპოლის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, ათენის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი, პარიზის ლუვრი, ვატიკანის მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ წარმოდგენილია ვანში აღმოჩენილი ბრინაჯოს ჭაბუკის ტორსი (ძვ.წ. II-I საუკუნეები).
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მონაწილეობა გამოფენაში მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელსაც ის წარმატებით ახორციელებს ჟან-პოლ გეტის მუზეუმთან.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, თანამშრომლობის პროექტი უძველესი ლითონების სამეცნიერო შესწავლასა და ტექნიკურ კვლევასაც ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, გამოფენას 2015 წლის 21 ივნისამდე უმასპინძლებს პალაცო სტროცი, ხოლო შემდეგ, 2016 წლის მარტამდე, ვაშინგტონის ეროვნული გალერეა და ჟან-პოლ გეტტის მუზეუმი.
მას შემდეგ, რაც 2016 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ფართომასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდასრულდება, ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი უკვე განახლებულ საგამოფენო სივრცეში თავის პირვანდელ ადგილსამყოფელს დაუბრუნდება.
ამავე თემაზე:
უნიკალური ქართული ექსპონატი – "ჭაბუკის ტორსი" იტალიაში გამოფინეს