რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრმა" , ნიუ-იორკის საერთაშორისო ხარისხის კონვენციის პრეზიდენტის და აღმასრულებელი დირექტორის, ხოსე ე. პრაეტოსაგან მოწვევის წერილი მიიღო.
წერილში ნათქვამია, რომ ნიუ-იორკში, სასტუმრო "მერიოტ-მარკიზში" 2015 წლის 24-25 მაისს გაიმართება 29-ე ხარისხის საერთაშორისო კონვენცია, რომლის მიზანია მთელი მსოფლიოს წარმატებული ბიზნესმენების, კომპანიების და ორგანიზაციების აღიარება. ჯილდო გადაეცემა ლიდერებს ლიდერთა შორის. წინა ათი თვის განმავლობაში იმ დროის მონაწილე ლიდერმა და ექსპერტმა კენჭი ყარა და ხმა მისცა ყოფილი "ტურიზმის განვითარების ცენტრის" ტუროპერატორ "ლანჩხუთი-ტურის" საერთაშორისო ხარისხის სამიტზე მონაწილეობას.
წერილში ბიზნეს-ინიციატივის მიმართულების რეჟისორი აღნიშნავს, "ლანჩხუთი-ტურის" ხელმძღვანელობის მუშაობის მაღალხარისხოვნობასა და უპირატესობას. სასიამოვნოა, რომ "ლანჩხუთი ტური" სამიტის კომიტეტის მიერ საუკეთესო კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა.
კვალიფიციური ჟიური გამარჯვებულ კომპანიებსა და ორგანიზაციებს შეარჩევს მათი დამსახურების მიხედვით, მულტიმედიური ფორმატით ჩაიწერება დაჯილდოების პრეზენტაცია. ღონისძიებას გააშუქებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია.
" კონვენციაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს საუკეთესო კომპანიები 72 ქვეყნიდან. ამდენად, მსგავსი სახის მოწვევა მეტად მნიშვნელოვანია და სასიხარულოც, ამ ადამიანებმა, ზოგიერთი სკეპტიკოსისაგან განსხვავებით, დაინახეს და მოიწონეს ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით"- გაგვიცხადა ტურიზმის განყოფილების უფროსმა, ფირუზ გუჯაბიძემ.