საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თბილისის საბავშვო ბაღში სარკოცისტოზის გამოავლენას ეხმაურება.
"დღეს დილით, თბილისის, სამგორის რაიონის 121-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა მოგვმართა შეტყობინებით, რომ ბაღში წინა დღეს მიღებულ საკვებ პროდუქტებს შორის, იყო საქონლის ხორცი, რომლის ვიზუალურმა დათვალიერებამ ბაღის შესაბამის თანამშრომელს გაუჩინა ეჭვი, მისი საკვებად ვარგისიანობის შესახებ.
საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ იქნა პრევენციული ზომები. შეიცვალა დღის საკვები რაციონი და საქონლის ხორცი ჩანაცვლდა სხვა პროდუქტით.
სააგენტოს მხრიდან მყისიერად მოხდა რეაგირება. გაიგზავნა სურსათის უვნებლობის მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც ადგილზე მოახდინა პროდუქტის ვიზუალური დათვალიერება, აღნიშნულის შესახებ აცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და მათთან ერთად განახორციელა საბავშვო ბაღში არსებული ხორცის ლაბორატორიულ შემოწმებაზე გადაგზავნა.
პარალელურად, პრევენციის მიზნით, ბაღების სააგენტოს მიერ ყველა იმ საბავშვო ბაღში, რომელსაც აღნიშნული მომწოდებელი ,,ფუდ-სერვისი’’ ამარაგებს, მოხდა წინა დღეს მიღებული ხორც-პროდუქტების ლოკალიზება.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, გაამკაცრა საბავშვო ბაგა-ბაღების კვების უსაფრთხოების ზომები, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს აწარმოებს ბაღებში და დარღვევის შესაძლო ეჭვის შემთხვევაში, ხდება მყისიერი რეაგირება."