17 მარტს, ქუთაისში, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი "მართვე" და ჩოხატაურის "ბახმარო" დაუპირისპირდნენ. ცუდი ამინდის და კიდევ უფრო ცუდი მოედნის საფარის გამო, შეხვედრა ძალიან მძიმე გამოდგა, თუმცა სტუმრებს მთელი მატჩის განმავლობაში თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ და უპირატესობასაც ფლობდნენ, პირველივე ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტი ვერ გამოიყენა დიდიამ, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. მასპინძლები ხიფათის შექმნას მხოლოდ შორეული დარტყმებით ცდილობდნენ, თუმცა "ბახმაროელთა" მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგა და პირველ ტაიმში ორი რთული დარტყმაც მოიგერია. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებს დაღლილობა დაეტყოთ, მოედნის ცენტრში ბობომ ბურთი ბრძოლით მოიპოვა, დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ბურთი ჩაჩუას გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით გაიყვანა დიდია მეკარესთან პირისპირ. ამ უკანასკნელს კი ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია _ 0:1. ბახმარო წინ გავიდა და ტაიმის დამთავრებამდე უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია. მეორე ტაიმში მასპინძლები ცოტა გამოცოცხლდნენ, გააქტიურდნენ და ბურთსაც უფრო აკონტროლებდნენ. თუმცა, მატჩის არბიტრმა ქუთაისელ ფეხბურთელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ამით მასპინძელთა იმედები საბოლოოდ გაქარწყლდა… "ბახმარო" კონტრშეტევებზე ცდილობდა ანგარიშის გაზრდას და ბოლო წუთებზე მოახერხა კიდეც _ ქუთაისელი ფეხბურთელი საჯარიმოში ხელით თამაშის გამო ყვითელი ბარათით და თერთმეტმეტრიანით დაისაჯა და ხვიჩა დიდიას დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია. 0:2 _ ასე დასრულდა მატჩი ქუთაისში. მოპოვებული სამი ქულის შემდეგ ბახმარომ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე აინაცვლა. მომდევნო მატჩს ჩოხატაურელები 25 მარტს გამართავენ საკუთარ მოედანზე სენაკის "ეგრისის" წინააღმდეგ და მოგების შემთხვევაში დაწინაურების შანსი კვლავ მიეცემათ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved