სამოქალაქო განათლების პროგრამის – "მომავლის თაობა" _ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია" .
საზოგადოების დაბალი ინფორმირების, სოფელში არსებული მძიმე სოციალური ფონისა თუ უმუშევრობის მაღალი დონის გამო, მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი თამბაქოსა და ალკოჰოლის მომხმარებელია, არ მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. სწორედ ამიტომ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის კუთხით მოემზადებინათ და მოსახლეობის ინფორმირება მოეხდინათ.
პროექტის ფარგლებში 5 მარტს მოეწყო შეხვედრა, რომელსაც მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლის დირექციის, ადგილობრივი თემისა და სოფლის ამბულატორიის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თამბაქოს, ალკოჰოლისა და ფიზიკური ვარჯიშის შესახებ. ჯანმრთელობასთან და მავნე ჩვევებთან დაკავშირებული რჩევები მისცა დამსწრე აუდიტორიას მოწვეულმა ექიმმა.
შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები და ისაუბრეს თემში ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე, მიზეზებზე. მოსწავლეებმა მოამზადეს და წარმოადგინეს ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე მომზადებული კედლის გაზეთი. საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით მოზარდებმა ადგილობრივ თემში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო ფურცლების გამოკვრა დაგეგმეს.