2015 წლის 20 მარტს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2015 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მუშაკები, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე მოიპოვებდნენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან და შემდგომ ახდენდნენ ამ ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას.
მითითებული სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების უზრუნველსაყოფად გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა.
"დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპასი"-ს მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა.
გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია.
გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ მსგავსი მეთოდებით პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობებისგან. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ "პოლიციის შესახებ“ კანონს, რომლის თანახმად, პოლიციელს უფლება არ აქვს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პარტიული ინტერესებისთვის. "პოლიციის ეთიკის კოდექსის“ მიხედვით, პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი მსგავსი გადაცდომის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული სასჯელის მკაცრი ზომები", _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.