გორის "დილასთან" დასრულებული მატჩის შემდგომ, ღამის საათებში, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიის" ადმინისტრაციის წევრებს შორის ქალაქის ცენტრში დაპირისპირება მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, კლუბის ფინანსურ და სპორტულ დირექტორებს, გოჩა იმნაიშვილსა და ედიშერ ჟორდანიას ადმინისტრატორ მამუკა ბარამიძესთან კონფლიქტი მოუვიდათ. კამათი მალე სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა და მასში ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელიც ჩაერთო.
როგორც ირკვევა, ეს ჯგუფური ცემა-ტყეპის კლუბის ფეხბურთელების მაისურების გარეცხვას უკავშირდება. კერძოდ, კი ტენდერში გამარჯვებულ პირებს ევალებოდათ ამ საკითხის მოგვარება, თუმცა შემსრულებლებმა თანხის დაგვიანების გამო სამუშაო ჯეროვნად არ შეასრულეს. ამაში კლუბის მესვეურები სწორედ ადმინისტრატორს სდებდნენ ბრალს და ჩხუბიც ამ გაუგებრობამ გამოიწვია.
საგულისხმოა, რომ კარგა ხანს გაგრძელებული ხმაური არ გაუგია პოლიციას და შესაბამისად რეაგირებაც არ მოუხდენია. კონფლიქტის მხარეები კი კომენტარისგან თავს იკავებენ და დუმილს ამჯობინებენ.
ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად მუნიციპალიტეტის გამგებელს და ამავდროულად კლუბის პრეზიდენტ ზაზა ურუშაძეს დავუკავშირდით, რომელმაც სატელეფონო საუბარში მომხდარი ფაქტი ვერ დაგვიდასტურა.
"პირველად მესმის თქვენგან, გეფიცებით არაფერი არ გამიგია. ამ დილით კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ოთარ ჩხაიძე ჩემთან იყო, თუმცა მსგავსი არაფერი უთქვამს. აუცილებლად მოვიკითხავ ამ ამბავს."
მართალია გამგებელმა შესაძლოა არაფერი იცოდა ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ კულუარებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ კლუბში ორ ბანაკს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, ჰოდა, სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს ინციდენტიც. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას დაჭრის შესახებ, ეს ამ ეტაპზე არ დასტურდება.