დღეს, დილით ადრე, ოზურგეთიდან ნაციონალური მოძრაობის მიტინგზე წამსვლელთა ჯგუფი ვერსად ვნახეთ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დავით მჟავანაძეს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნა რომ ისინი დაფნარში შეიკრიბნენ.
„ჩვენ დაფნარში შევიკრიბეთ, დილით ადრე წავედით. „თავისუფალი ზონის“ წევრები, 80 კაცი კი დილის 6 საათზე გავიდა.“
მისივე თქმით, ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც აქვთ და მნახველებიც იყვნენ. როგორც მჟავანაძემ „გურია ნიუსს“ უთხრა, ნასაკირალის რწმუნებული პასტით და ფურცლით მისდევდა მანქანებს და ნომრებს ინიშნავდა. რასაც თავად რწმუნებული უარყოფს.
„უთენია, ექვს საათზე მეძინა. მე ჩემს საქმეზე ოზურგეთში მივდიოდი, იყო დილის ცხრის თხუთმეტი წუთი. ერთი სამარშუტო ტაქსი შემხვდა, შიგ 5-6 კაცი თუ იჯდა. ისიც ვიცი, რომ ეს ოზურგეთის მანქანა არ იყო. მე განვაგრძე გზა. ვინ დასდევდათ, რაო? ერთი სილაურელი კაცი იჯდა შიგ, ვიცნობ, თვალში ვიხედები და დავინახე ადამიანი. სულ ეს იყო, ტყუილებს ნუ დაიჯერებთ“, _ გვთხოვა ტარიელ ანთაძემ.
დავით მჟავანაძეს ვკითხეთ ისიც, თუ რამდენი ადამიანი წაყვა მას მიტინგზე თავისი სოფლიდან, ჭანიეთიდან და ვინ არიან ისინი, რაზეც გვიპასუხა, რომ ათამდე კაცი ახლავს, სულ შინაურები.