პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა საქართველოს მთავარ პროკურატურაში წარმოებული მორიგი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის შესწავლა და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურორს განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და არკადი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის" ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.
პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების რამდენიმეთვიანი შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ 2007-2012 წლებში საქართველოს მთავრობის ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო სამთავრობო ინსტიტუტების გამოყენებით არკადი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის კუთვნილი ქონების უკანონოდ ჩამორთმევისკენ, ასევე, 2007 წლის 7 ნოემბერის მოვლენები, რა დროსაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მოხდა ძალის გამოყენება, დასკვნის მიხედვით, აღნიშნული საკმარისია ბრალდების მხარდაჭერისათვის და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა გაგრძელდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას წინააღმდეგ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის.
მთავარი პროკურორისთვის წარდგენილ ანგარიშში, საერთაშორისო ჯგუფის დასკვნის მიხედვით, მტკიცებულებები „ასახავენ ერთიან, განგრძობად გეგმას 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, რომელიც მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი ქმედებების გზით, მათ შორის ძალადობით, ქონების განადგურებითა და თაღლითობით, მთავრობის მიერ მედიის საქმიანობის კონტროლს და მთავრობის მიმართ კრიტიკისა და საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს. გარდა ამისა, მტკიცებულებები კონკრეტულად მიუთითებენ ფართომასშტაბიან კამპანიაზე არკადი პატარკაციშვილის წინააღმდეგ, რომლის მიზეზსაც წარმოადგენდა პატარკაციშვილის უარი ტელეკომპანია „იმედი" სამთავრობო კონტროლს დაექვემდებარებინა, და აგრეთვე, მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, რამაც გამოიწვია მისი ქონების განადგურება და მიტაცება".
საერთაშორისო ჯგუფი, 2014 წლის ივლისში მთავარი პროკურორის ინიციატივით შეიქმნა იმ მიზნით, რომ აქტიურად შეესწავლა მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალები, რომლებიც მოიცავდა მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ოქმებს, საქართველოს კანონმდებლობასა და შესაბამის მასალებს. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფში გაწევრიანებული არიან: სერ ჯოფრი ნაისი (გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ადვოკატი), მოშე ლადორი – ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი მთავარი პროკურორი და პოლ კოფი – ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი.
პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფის მიერ დადებული აღნიშნული დასკვნა რიგით მეორეა. პროკურატურაში არსებობს კიდევ ერთი დასკვნა, რომლის თანახმადაც ქართველ პროკურორებს ეძლევათ რეკომენდაცია გააგრძელონ სისხლისსამართლებრივი დევნა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, 2005 წელს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.