ამ წუთებში, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხებზე საუბრობს.
"იმისათვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს შეთანხმების შინაარსი და მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით მართავს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. კამპანიის ფარგლებში იმართება ინტენსიური თემატური შეხვედრები კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში", – თქვა შეხვედრის დროს მიხეილ ჯანელიძემ.
ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს "მმართველობა განვითარებისთვის" არიან.
შეხვედრას ესწრება ზურაბ ზურაშვილი, ევროპასთან ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი, სურსათის ეროვნული სააგენტო; ირაკლი მოისწრაფიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე.