"რუსთავი-2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტისას, შემდგომში მისმა შემცვლელმა მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა.
"პრინციპში, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ასე იყო, მაგრამ არც მაშინ და არც ახლა მინდია ჯანელიძე არ არის გადაწყვეტილების მიმღები. აქედან გამომდინარე, ვინ შეასრულებდა მედიატორის ფუნქციას, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს იმედს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ადამიანებმა პირველ რიგში, სწორედ პოზიტიურად განვითარების სცენარზე უნდა ვიფიქროთ. მეც მწამს, რომ ასეთი ფუნდამენტაყრილი საქმე ასე სწრაფად არ შეიძლება გაფუჭდეს", – განაცხადა ალასანიამ პირდაპირ ეთერში და დასძინა, რომ დაელოდება თუ რა შედეგით დასრულდება სფრანგეთში ჯანელიძის მოლაპარაკებები.
"იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმება შედგება, თუ არ შედგა, ვალდებულებას შევასრულებ და დეტალურად ჩავაყენებ საქმის კურსში საზოგადოებას", – დასძინა ალასანიამ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "რატომ არ შეიძლებოდა ხელი თქვენ მოგეწერათ?". ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ არ უნდა საკუთარი წინასწარი შეფასებებით საფრთხე შეუქმნას მოლაპარაკებებს.
"მე იმედი გამოვხატე, რომ წარმატებით დასრულდეს. მე არ მინდა, მიმდინარე მოლაპარაკებებისას, დამატებითი საფრთხე შევუქმნა ჩემი წინასწარი შეფასებით იმ შესაძლებლობას, რომელიც მართლა შეიძლება არსებობდეს ხელმოწერისას. რამდენიმე დღეა დარჩენილი და მოდი, მოთმინებით მივუდგეთ ამ საკითხს, დაველოდოთ და როგორც კი გავა ეს დრო, მე თქვენს განკარგულებაში ვარ და დეტალურად ჩავაყენებ საქმის კურსში საზოგადოებას თუ რაზეა საუბარი", – განაცხადა ალასანია.