ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომას 31 დეპუტატიდან მხოლოდ სამი დეპუტატი არ ესწრებოდა. დასაწყისში წესისამებრ საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრეებს დღის წესრიგი გააცნო, რომელიც მთლიანობაში ცამეტ საკითხს მოიცავდა.
გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, გოგი ფაცურიამ მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდის, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ისაუბრა.
დადგენილებით განისაზღვრა, რომ ქონების საჯარო ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდე საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 5% უნდა იყოს. ამავდროულად ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 50 ლარით განისაზღვრა. ვინაიდან მუნიციპალიტეტი სახაზინო მომსახურეობაზეა გადასული, ამიტომაც მოხდება სპეცანგარიშის გახსნა, სადაც შესაბამისი თანხები ჩაირიცხება.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე საკრებულომ გამგებელს თანხმობა მისცა. კერძოდ, შპს "ლანჩხუთი სერვისის" ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, მისი კუთვნილი ორი ავტობუსი ზემონახსენებ ა(ა) ი პ-ის გადაეცა უზურფრუქტის წესით. გარდა ავტობუსისა საკრებულოს თანხმობით გამგეობამ მის ბალანსზე მყოფი ოპელ-ომეგაც უფუშქაშა ამ სამსახურს.
ფაცურიასვე თქმით, ყოფილი სასტუმროს შენობა ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს გადმოსცა და სამომავლოდ მისი აუქციონზე გატანაც შესაძლებელია. თუმცა მანამდე, "საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანლმა, გელა ზოიძემ იქ ავტოსადგურის გახსნა დააანანონსა.
"ყოფილი სასტუმროს შენობაში შესაძლებელია დროებით მგზავრებისთვის მოსაცდელი გაკეთდეს. გასაგებია, რომ ადგილი გადატვირთულია, თუმცა, როცა გრაფიკი შედგება სიტუაციაც განიმუხტება და ადამიანებსაც აღარ მოუწევთ წვიმასა თუ სიცხეში ღია ცის ქვეშ დგომა. ამ ეტაპზე არა მგონია სხვა უკეთესი ალტერნატივა გაგვაჩნდეს", – განაცხადა ზოიძემ.
მის ამ ინიციატივას თავად უმრავლესობის წევრები არ დაეთანხმნენ. შუხუთის მაჟორიტარის აკაკი იმნაიშვილის თქმით, რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტი აქვს, ადგილი ისედაც გადატვირთულია და კიდევ ავტოსადგურის დამატება, იქაურობას მთლად ქაოსად აქცევს. იგივე აზრი გაიზიარა დეპუტატმა ია ჩხაიძემაც, რომლის თქმითაც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა არსებული რეალობის კარგად გათვალისწინება.
"ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაა "ავერსის" კლინიკიდან ცენტრალურ სკვერამდე. აქ ფაქტობრივად, შეუძლებელია ტრანსპორტის გავლა. აქვე სკოლაა, კლინიკა, ავტოსადგურსაც თუ დავამატებთ კიდევ უფრო მეტი საშიშროება ექმნება ფეხით მოსიარულეებს, თავად ტრანსპორტის მფლობელებს და რაც მთავარია, ბავშვებს. მგონია, ეს წყალში ფულის გადაყრა იქნება. ხომ უნდა არსებობდეს ქალაქის განაშენიანების გეგმა?" – დასძინა ჩხაიძემ.
საბოლოოდ გაირკვა, რომ აღნიშნული საკითხის დეტალებზე უკვე კომისიებსა და ფრაქციებში იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.
საკითხთა სიმრავლის მიუხედავად სხდომა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, სანამ ჯერი ბოლო საკითხზე- სხვადასხვაზე არ მიდგა.
საკრებულოს დეპუტატ ენმ-დან, კახა ასკურავას თქმით, 11 მოქმედი ა (ა)ი პ-დან გამოითხოვა ინფორმაცია სამსახურების სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ. თუმცა, მოთხოვნა მხოლოდ სამსახურების ნაწილმა დააკმაყოფილა, ხოლო დანარჩენები ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.
"არ მინდა ა(ა) ი პ-ებში განხორციელებულ რეორგანიზაციებზე ჭორის დონეზე ვილაპარაკოთ, ამიტომაც ჩვენმა პარტიამ გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა აღნიშნულ ორგანიზაციებში კადრებთან დაკავშირებით, ვინ და სად არიან დასაქმებულები, რამდენი ახალი შტატი დაემატა და რა ანაზღაურებით. ჩვენ ამის გარკვევა ოფიციალურ დონეზე გვინდოდა, რომ შემდგომ საფუძვლიანი ანალიზი გაგვეკეთებინა და ისე გვემსჯელა არსებულ რეალობაზე. სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილი გამოგვეხმაურა და ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა. სანამ შესაბამის ორგანოებს მივმართავდეთ, დანარჩენ ა(ა)ი პ-ებს ხარვეზის გამოსასწორებლად კიდევ მივეცით დამატებითი დრო და მათგან შესაბამის პასუხს ველოდებით", – განაცხადა ასკურავამ.
ასკურავას თემა მისმა თანაპარტიელმა გია გოგუაძემ განავრცო – "იმ სამსახურებმა, რომლებმაც თავი შეიკავეს ინფორმაციის მოწოდებისაგან, კონსულტაციები გამგეობაში გაიარეს, მიმაჩნია, რომ სწორედ ამიტომაც მიიღეს მათ ასეთი გადაწყვეტილება და კანონით მინიჭებულ ვალდებულებას იგნორირება გაუკეთეს".
აქვე გოგუაძემ გამგეობის სამსახურების არასერიოზულეობაზეც გააკეთა აქცენტი.
"მინდა ვთქვა, რომ გამგეობის სამსახურები თავიანთ მოვალეობებს არასერიოზულად ეკიდებიან. მათ, რატომღაც არ მიაჩნიათ საკრებულოს კომისიების სხდომაზე დასწრება სავალდებულოდ. არადა, ხშირ შემთხვევაში დეპუტატებს კონკრეტული შეკითხვები გვაქვს ამა თუ იმ სამსახურის მიმართ და ამიტომაც კეთილი ინებონ და კომისიების სხდომებს დაესწრონ. "გურიას" სტადიონთან დაკავშირებით შეგნებულად ხორციელდება შავი პიარი, ამიტომ მოვიწვიოთ ყველა გაზეთი, ტელევიზია და ღიად ვთქვათ, თუ რა ხდება სინამდვილეში. მე მზად ვარ ყველას თანდასწრებით განვაცხადო თუ რა უნდა გაკეთებულიყო ჩვენი მთავრობის დროს და რა კეთდება დღეს", -დასძინა გოგუაძემ.
საკრებულოს წევრმა ნონა მურვანიძემ თავის გამოსვლაში კოლეგებს მეტი გულისხმიერებისკენ მოუწოდა და კითხვა დასვა – "რას ვაკეთებთ ჩვენ პატარა ლუკა მოისწრაფიშვილის დასახმარებლად? სამწუხაროდ, ასეთი ბავშვები ძალიან ბევრია ჩვენს რეალობაში, რასაც ჩვენ ხელფასების ზრდითა და პირადი კომფორტის მოწყობით ვპასუხობთ".
დეპუტატმა ასკურავამ საკრებულოს თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევაშიც დასდო ბრალი.
"წინა სხდომაზეც დავაყენე საკითხი მომესმინა ორივე საკონკურსო-საატესტაციო კომისიების ანგარიში. საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილეს, რომლის წევრიც მე არ ვარ და შესაბამისად არც მომისმენია, რატომღაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ იგი საკითხი სესიაზე აღარ გამოეტანათ. ეს კი აშკარად რეგლამენტის დარღვევაა".
დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ კოლეგის თემურ ალექსაიას ნასამართლეობაზე გააკეთა აქცენტი და მას ბრალი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო.
სესიის მიწურულს მრავლად ისმოდა საკრებულოს წევრთა მხრიდან სხვადასხვა სახის განცხადებები, რაც ნამდვილად არ ესიამოვნა მამათის მაჟორიტარს კახა ურუშაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა – "არ უნდა არსებობდეს რეგლამენტი? ვის გაუგია ასე გაუთავებლად მიკროფონთან ყოფნა, ვისაც მოესურვება და რამდენ ხანსაც უნდა იდგეს მიკროფონთან? გოგუაძემ საკითხების მთელი კასკადი ჩამოთვალა".
ურუშაძეს დეპუტატი კახა ასკურავა გამოეხმაურა და რეგლამენტის არცოდნაში იქით დასდო ბრალი.