ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის დაქვემდებარებული სამსახურიდან – "ბათუმის კორპუსი", დირექტორის მოადგილე, ლაშა კილაბერია, ამხანაგობების კოორდინატორები თომა ხალვაში და ირაკლი მექვაბიშვილი გაათავისუფლეს.
გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კი საშტატო თანამდებობების შემცირება დაასახელეს.
თუმცა თავად ზემოთ ხსენებული პირები, მათი გათავისუფლების მიზეზად 21 მარტს, ენმ-ს აქციაზე ყოფნას ასახელებ.
"ჩვენი გათავისუფლების მიზეზი არის ის, რომ 21 მარტს თბილისში აქციაზე ვიმყოფებოდით. 20 მარტს შეკრებაზე გაგვაფრთხილეს და იყო პოლიტიკური მინიშნება, რომ აქციაზე არ წავსულიყავით. თუმცა, არასამუშაო საათებში ჩვენ ვიმყოფებოდით აქციაზე და ეს არის ჩვენი უფლება", – განაცხადა ბათუმის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა, ლაშა კილაბერია.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მიუხედავად მერიის მიზეზისა, რომელიც მან რამდენიმე პირის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის მოიყვანა – შტატების შემცირება, მეორე დღეს უწყებამ აღნიშნულ მუნიციპალურ ორგანიზაციაში საშტატო ერთეულები 39-დან 56-მდე გაზარდა.
"გამოდის რომ ჩვენი გათავისუფლების მიზეზი შტატების შემცირებას არ უკავშირდება. ახალ თანამდებობებზე ისეთი ხალხი დანიშნეს, რომლებიც ქალაქის მერისათვის, გიორგი ერმაკოვისთვის და ქართული ოცნებისათვის არის მისაღები. ეს ადამიანები მანამდე პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ", – აცხადებს კილაბერია.
ამ საკითხთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლებულმა კილასონიამ, ხალვაშმა მექვაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და გაავრცელეს პრესრელიზი, რომელშიც აღნიშნულია, რომ "2015 წლის 20 მარტს თანამშრომელთა გაფრთხილების მიზნით ა(ა)იპ "ბათუმის კორპუსის" თანამშრომლებს ეცნობათ მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის – გიორგი ერმაკოვის პირადი გადაწყვეტილებით თანამშრომლებს აეკრძალათ, მათ შორის არასამუშაო საათებში, ოპოზიციურ-პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება."
ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება, მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.