სანაკრებო პაუზის შემდეგ, დღეს განახლდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა. 22-ე ტურში ლანჩხუთის „გურია“ ჩემპიონატის ბოლოადგილოსან თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ მასპინძლობდა და ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე იოლად – 4-1 დაამარცხა.
თავად შეხვედრა დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა. საწყის წუთებში უნიათო ბრძოლის მიუხედავად პირველი ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა. მე-15 წუთზე გაიხსნა ანგარიში, როცა მარცხენა ფლანგზე ბოლომდე იბრძოლა შალამბერიძემ და ვარდნაში ბურთი დაბალი დიაგონალით საჯარიმოში გაგზავნა, იქ კი წელს ძირითადში პირველად დაყენებულმა ვანო წილოსანმა ივარგა- პაუზით მცველები მიაწვინა და მეკარეც სახტად დატოვა.
ორიოდ წუთში დაბნეულ სტუმართა უკანა ხაზს მოსიაშვილი გაეპარა მეკარესთან პირისპირ და მასაც კარის აღება არ გასჭირვებია. თითქოს გაირკვა კიდეც მატჩის ბედი, მაგრამ მოულოდნელად სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მალე მოახერხეს. აქ უკვე გურული მცველები შეცდნენ და კურდღელაშვილმა ინტრიგა რამდენიმე ხნით დააბრუნა.
ამ გოლის შემდეგაც „გურია“ დომინირებდა, დროდადრო ხიფათს ქმნიდა მეტოქის კართან და ორჯერ შორიდან დარტყმებით ცოტა დააკლდა გატანას. პირველ ჯერზე გაბრიჩიძემ მილიმეტრებში ააცილა, მეორედ კი ვიტელები ძელმა იხსნა. და მაინც, შესვენებამდე გასატანი მაინც გავიდა – მარჯვნიდან ჩაწოდებულ კუთხურს ჯერ თავით შეეგება მოსიაშვილი, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა, იქიდან დაბრუნებულს კი ფეხით შორეულ კუთხეში მიუჩინა ადგილი.
მეორე ტაიმი უღიმღამო იყო პირველზე. იმდენად გამოიკვეთა მასპინძელთა უპირატესობა, ტრიბუნებზე ყველა გოლებს ელოდა, მაგრამ თამაშის ბოლო წუთებამდე ანგარიში არ შეცვლილა. აი, 85-ე წუთზე მარჯვნიდან კოშკაძე-ჭეიშვილი-შალამბერიძის ლამაზი კომბინაცია მატჩის საბოლოო შედეგის მანიშნებელი გოლით დასრულდა.
ამ მოგებით „გურია“ ცხრილის მეშვიდე საფეხურზე დაბრუნდა და ამ მატჩამდე გუნდის თამაშით უკმაყოფილო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე, რომელიც „ვიტ ჯორჯიასთან“ ვერმოგების შემთხვევაში დიდ ცვლილებებს აანონსებდა, ალბათ, ცოტათი დამშვიდდა. თუმცა, ასეთ სუსტ მეტოქესთან სპარინგი, დასკვნების გამოსატანად არ გამოდგება უდაოდ.
ტურის სხვა შეხვედრებში აღსანიშნავია ქუთაისის „ტორპედოს“ გამარჯვება სტუმრად ბათუმის „დინამოსთან“-3-2. ეს გუნდი ზედიზედ მეოთხედ იგებს და თქმა არ უნდა, მომავალ ტურში 11 აპრილს გურულებს მძიმე სტუმრობა ელით იმერეთის დედაქალაქში.
სხვა შეხვედრები ასე დასრულდა: ჩიხურა – მერანი 2:0; სამტრედია – შუქურა 4:1; სიონი – კოლხეთი 1:2;
ზუგდიდი – ცხინვალი 3:2.
ტურის ცენტრალური მატჩი მოგვიანებით თბილისში შედგება და „დინამო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს.