ბოლო დროს საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიაში" არსებულ დაპირისპირებაზე ბევრს საუბრობენ.
ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, გუნდის ადმინისტრაციის წევრებს შორის, ქალაქის ცენტრში, დაპირისპირება მოხდა, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს.
რა ხდება კლუბის გარშემო, რა პრობლემები და შესაბამისი გადაჭრის გზები აქვთ, ამაზე გურია ნიუსთან" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ამავდროულად კლუბის პრეზიდენტი, ზაზა ურუშაძე საუბრობს.
კლუბის პრეზიდენტის თქმით, კლუბის თანამშრომელბს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ამბავს პოლიცია არ ადასტურებს.
_ სამუშაო საათების შემდეგ მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს თანამშრომლებს, ეს მათი პირადი საქმეა. როცა გავიგე ამ ფაქტის შესახებ, დავუკავშირდი პოლიციის უფროსს, რომელმაც განმიცხადა, რომ დაფიქსირებული არაფერი არ არის და ვისზეც იყო ეჭვები, ის ხალხი ფაქტს არ ადასტურებენო. ჰოდა, მე როგორ უნდა განვსაჯო, როცა დაზარალებული არავინ არის. და თუ არის, მიბრძანდეს პოლიციაში და განაცხადოს, ამის შემდეგ შეგვეძლება გადამჭრელი ზომების მიღება და დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს იგი, აუცილებლად დაისჯება.
_ ცუდია, როცა გუნდში ორ ბანაკს შორის რეალურადაა დაპირისპირების ნიშნები…
_ მე მქონდა კლუბის წევრებთან შეხვედრა და განვაცხადე, თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ან კიდევ განმეორდება, მივიღებ გადამჭრელ ზომებს. არაა გამორიცხული, საკადრო ცვლილებები ჩემპიონატის დასრულებამდე ისედაც გავაკეთოთ.
_ თავად გუნდის შედეგით თუ ხართ კმაყოფილი?
_ არ ვარ კმაყოფილი, მეტს ველოდებოდი აშკარად. ვერ გეტყვით რაა ამის მიზეზი. გუნდს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, ისეთი თბილისის "დინამოსაც" რომ შეშურდება. არც ერთ გუნდი არ მეგულება დღეს საქართველოში, რომელიც სამზადისს მთლიანად სეზონზე სასტუმროს პირობებში გადიოდეს. არაფერი არ აკლიათ, თავის დროზე აქვთ ყველაფერი. კვებაზე არაა პრობლემა, ფორმა აგერ ახლა სულ ახალი შევუძინეთ.
_ ფაქტია, რომ "გურიამ" სეზონისთვის სამზადისი ყველაზე გვიან დაიწყო და სასურველ კონდიციაში შესვლა ფეხბურთელებს გაუჭირდათ…
_ კი ბატონო, დაახლოებით 20 დღე დაგვიანდა, მაგრამ იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა გუნდი კარგ პირობებში რომ არის ურეკში. ფეხბურთელები ერთად ცხოვრობენ, ერთად ვარჯიშობენ, მაშინ, როცა რამდენიმე ჩემს კოლეგას დავუკავშირდი და აღმოჩნდა, რომ ბევრგან ფეხბურთელები თამაშის შემდეგ სახლებში მიდიან და მხოლოდ თამაშის წინა დღეებში იკრიბებიან. ამ მხრივ გაცილებით უკეთეს პირობებშია გუნდი. პირველი ან მეორე ტური რომ იყოს გასაგებია, მაგრამ უკვე მეშვიდე ტურია გასული და ფეხბურთელების ფორმაში შესვლაზე საუბარი ცოტა არ იყოს ზედმეტია. მე ყველა თამაშის შემდეგ ვხვდები მათ, ვამხნევებ და განწყობას ვუმაღლებ. მეტი რა უნდა გავაკეთო, ვერ ვხვდები. ყოველ შემთხვევაში შედეგით უკმაყოფილო ვარ, ისეთი თამაშები დავთმეთ, რომლებიც ნამდვილად არ უნდა წაგვეგო.
_ გარიგებულ თამაშებზე გაჩენილ ეჭვებზე რა კომენტარს გააკეთებთ?
_ მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა ასეთი მითქმა-მოთქმა რომ არ იყოს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს სენია დღევანდელ ფეხბურთში. აგერ ბატონო, შარშან ქართველი მსაჯების სკანდალიც ამის დასტურია. თუ რამე ეჭვია, ეს გამოძიების საქმეა, მე როგორ უნდა გავარკვიო ვინ რას აკეთებს. თუ რამე კონკრეტული ფაქტი გახდება ჩვენთვის ცნობილი, ვინც არ უნდა იყოს, იმ ადამიანებთან მიმართებაში ჩვენ დაუნდობელნი ვიქნებით. მე შესაბამისი ორგანოები ჩავაყენე უკვე საქმის კურსში შესაძლო დანაშაულთან მიმართებაში და ვინმეს არ ეგონოს, პასუხისმგებელი ამ საკითხში მხოლოდ მთავარი მწვრთნელი იქნება, პასუხისმგებლობას სამწვრთნელო შტაბთან ერთად უპირველესად კლუბის დირექტორატი ინაწილებს. თუ რომელიმე გაზეთმა ეს დაწერა, ამას მტკიცებულება სჭირდება და მე არ შემიძლია რამე ვამტკიცო ან უარვყო.
_ მთავარ მწვრთნელს ხომ არ აქვს შემადგენლობის ერთპიროვნულად დაყენების პრობლემა?
_ პირდაპირ გეტყვით, მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაში არავინ ერევა. მე პირადად პრეტენზიები, როგორც გულშემატკივარს მაქვს, მაგრამ უშუალოდ თამაშის წინ რომელი ფეხბურთელია უკეთ მზად, ეს ყველაზე მეტად მწვრთნელმა იცის. წესით ასეა. დავუსახოთ მას კონკრეტული ამოცანა და ვაცადოთ. იქ სადაც ასეთი ჩარევები ხდება, ჩათვალეთ, სასურველ შედეგს ვერავინ მიიღებს.
_გარკვეულ ეჭვებს მატებს ის ფაქტი, რომ კლუბში დარიგდა ახალი სპორტული ინვენტარი, რომელიც თანამშრომლების ნაწილს გადაეცა, ნაწილს კი არა. რატომ მოხდა ეს ყველაფერი შერჩევით?
_ ყველა თანამშრომელს ნამდვილად არ მოწევია ინვენტარი. მიზეზი ის არის, რომ ხუთი ათას ლარს ზემოთ შესყიდვებზე მოგეხსენებათ, ტენდერია ჩასატარებელი. ის, რაც ამ თანხაში ჩაეტია დავარიგეთ. გარკვეული პროცედურებია საჭირო ეს ხარვეზები რომ გამოვასწოროთ და მერწმუნეთ ყველა თანამშრომელი მალე მიიღებს ახალ ინვენტარს, ოღონდ, ყველას ჩაბარდება ის როგორც ქონება და არა ისე, ვისაც როგორც უნდა ისე მოიხმარს სახელმწიფო ქონებას.
_ ანალოგიური სიტუაციაა ხელფასების მხრივაც. ნახევარი მილიონი ლარი უკვე გაცემულია, მაგრამ თანხა ნაწილს აქვს აღებული, ნაწილს – არა. არსებობს ეჭვი, რომ აქაც შერჩევით ხდება თანამშრომელთა დაკმაყოფილება.
_ ხელფასი მთავარ გუნდში ყველას მიღებული აქვს, დარჩენილია მხოლოდ მარტის თვის ხელფასი, რომელსაც მომავალ კვირაში აუცილებლად გავცემთ და თბილისის "დინამოსთან" მოგების ძველი პრემია, ამასაც მალე გავისტუმრებთ. მწვრთნელების გასული წლის დავალიანებაც კი გავეცით.
_ ძველი დავალიანება 300 ათას ლარზე მეტი გადმოყვა კლუბს. ამას ამ სეზონის ხარჯები და საბანკო სესხები ემატება. როგორ ფიქრობთ, ბიუჯეტში ასახული თანხები საკმარისი იქნება?
_ საერთოდ უახლოეს დღეებში ვაპირებთ გავასაჯაროოთ თუ რა მიზნობრიობით მოხდა თანხების ხარჯვა. მომავალშიც ყოველთვიურად მოვახდენთ ამის გაშიფვრას. ეს უნდა იყოს საჯარო და ეჭვი არავის გაუჩნდეს რამეზე.
მიმდინარე წელს აუცილებლად უნდა დავფაროთ "პრივატბანკის" დავალიანება. მირჩევნია, ფინანსთა სამინისტროს სამომავლოდ ვთხოვოთ იმ თანხების დამატება, რომლებიც ბანკების პროცენტებში უნდა გაგვეცა. იმედია უარს არ გვეტყვიან.
სამომავლოდ კლუბის გაბერილი შტატების შემცირებასაც ვაპირებთ. ვერაფრით ვერ გავქაჩავთ ამ შტატების შენახვას. ახალი სეზონისთვის ბევრ რამეს შევცვლით. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, თანხის მხრივ პრობლემა არ გვექნება.
_ ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში შედის გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის აღდგენა, რაზეც 150 ათასი ლარია გამოყოფილი. რა პრობლემას აგვარებთ ამ თანხით?
_ ამ თანხით ვგეგმავთ ძველი საცხოვრებელი კორპუსის აღდგენას. ეს კორპუსი რკინის კონსტრუქციისაგან შედგება. სადაც კორიზირებული ადგილები იქნება, იქ შეიცვლება კონსტრუქცია. მთლიანობაში მოხდება შენობის რეაბილიტაცია და ვფიქრობ, ეს თანხა საამისოდ საკმარისი იქნება. სამომავლოდ კიდევ ჩაიდება თანხები და რაც მთავარია, შემოდგომიდან გუნდი უკვე საკუთარ ბაზაზე იცხოვრებს და ეს სამომავლოდ ძალიან დიდი შეღავათი იქნება როგორც ფინანსური, ასევე სპორტული კუთხით.