პარლამენტარი კობა ნაყოფია, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის არ-ემ-ჯი კოპერისა (ყოფილი მადნეული) და არ-ემ-ჯი გოლდის (ყოფილი კვარციტი) აქციონერია, განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ბოლო დღეების განმავლობაში საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვარ კომპანიების არ-ემ-ჯი კოპერის (ყოფილი მადნეული) და არ-ემ-ჯი გოლდის (ყოფილი კვარციტი) აქციონერი. ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის არასწორი და დღეისათვის არც მე და არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი არ ფლობს წილს ზემოაღნიშნულ კომპანიებში.
2013 წლის 4 ივლისამდე ჩემი ოჯახი ფლობდა მინორიტარულ წილს კომპანია არ-ემ-ჯი -ში, ხოლო 2013 წლის 4 ივლისს მოხდა აღნიშნული წილის მიყიდვა არსებული აქციონერებისათვის, რის შემდეგაც ისინი გახდნენ კომპანიის 100% მფლობელები. სამწუხაროდ მათი მხრიდან დღემდე არ არის შესრულებული წილის მიყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც მათთან მიმდინარეობს დავა. იმისათვის, რათა არ გაგრძელდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და აღნიშნული საკითხი არ იქნას გამოყენებული სხვადასხვა სპეკულაციებისათვის, მოვუწოდებ კომპანია არ-ემ-ჯის აქციონერებს გამოაქვეყნონ და გაასაჯაროონ აქციონერების სია."