პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 4 აპრილს მეტროსადგურ "ვარკეთილთან" მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელი ვალერიან გრძელიშვილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულეს.
ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ექიმს პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ესაუბრნენ და მისგან ინფორმაცია მიიღეს. ექიმის თქმით, გუშინდელ დღესთან შედარებით ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მისი გადარჩენისთვის ყველაფერი კეთდება.
პრემიერ-მინისტრი და მინისტრი ასევე შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაჭრილი პოლიციელის ოჯახის წევრებს.
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით გამოძიება თითქმის დამრთავდა:
_ "გამოძიება, ასე ვიტყოდი, რომ თითქმის დამთავრდა და პროკურატურა გააკეთებს ამ განცხადებას. ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს ამ ადამიანის, თბილისის მასშტაბით, მიმდინარეობს ყველგან, რეგიონებშიც, მთლიანად საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ძებნა.
გუშინ ნახეთ ტელევიზიაშიც დაიდო სურათები, თუ მოქალაქეებთან სადმე აღმოჩნდება, დაგვირეკავენ და დაგვეხმარებიან. ახლაც გააქტიურებულები ვართ და უფრო მეტად ჩავრთავთ სხვადასხვა დეპარტამენტებს. არ არის მარტო კრიმინალური პოლიცია, არის სუს-ის დეპარტამენტი, ასევე კონტრდაზვერვაა, ყველა ძალას გამოვიყენებთ რომ გადავხუროთ მთლიანად საქართველო", _ განაცხადა გომელაურმა..