დღეს, გურიაში, ოზურგეთის და ლანჩხუთში მუნიციპალიტეტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი, სოზარ სუბარი იმყოფებოდა.
სოზარ სუბარი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონალური დირექტორთან რუდოლფ შოხთან, გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან, ქეთი მოისწრაფეშვილთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან და ლანჩხუთის გამგებელთან, ზაზა ურუშაძესთან ერთად, გურიის რეგიონში განსახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და მათი საცხოვრებელი პირობები ადგილზე მოინახულეს.
როდულფ შოხის თქმით, პროექტის ფარგლებში 50 ოჯახის პრობლემა მოგვარდება.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროსთან, აჭარის და გურიის ხელისუფლებასთან. 50 ოჯახიდან უკვე 16 ოჯახისთვის შეძენილია სახლი გურიაში. დღეს ვნახეთ თუ რა პირობებში ცხოვრობენ ისინი. მეწყერი, არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა საქართველოს მთიან რაიონებში. ზუსტად, ამის გამო ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, რომ საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას დაეხმაროს შეძლებისდაგვარად", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს როდულფ შოხმა.
მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით კი, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ პანტნარში მცხოვრებ ეკომიგრანტების ერთი ნაწილის პრობლემების მოგვარდება მოხერხდა.
"შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო გვეხმარება ათეული ოჯახისთვის სახლების ყიდვაში, უფრო მეტად ეკომიგრანტები არიან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარიდან. იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო და პრაქტიკულად ამ პროექტით, მოსახლეობას დროულად დავეხმარეთ. მინდა გითხრათ, რომ ისინი ძალიან კარგ პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას", _ აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ეკომიგრანტი ოჯახებისთვის, გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წელს დამატებით 25 სახლის შესყიდვა იგეგმება.