გურიის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთი მოისწრაფიშვილმა და ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ნინო თოიძის საფლავი მოინახულეს და გვირგვინით შეამკეს.
“1989 წლის 9 აპრილის შემდეგ უკვე 26 წელი გავიდა, თუმცა მე ცხადად მახსოვს ამ დღის ემოცია და ტრაგიზმი, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა და დღემდე არ განელებულა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ყველანი ამაყები უნდა ვიყოთ, რომ სამშობლოს ჰყავს პატრიოტები, რომლებიც ქვეყნის ერთიანობისთვის სიცოცხლეს სწირავენ. ეს არის დღე, რომელსაც ტკივილი და სიამაყის განცდა ერთდროულად ახლავს.“ – აღნიშნა ქალაქის მერმა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ობელისკი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.