რეპეტიტორის ინსტიტუტი იყო და რჩება პოპულარულად. 2011 წელს ჩატარებული კველვის მიხედვით ( კვლევა ჩაატარა განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა ) ყოველი მეოთხე მოსწავლე სარგებლობს აღნიშნული სერვისით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რეპეტიტორებთან დადიან არა მარტო დამამათავრებელი, არამედ დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებიც (ამ შეთხვევაში ცენტრის შესწავლის საგანს არ წარმოადგენდა მხოლოდ გამოცდებისთვის მოსამზადებელი რეპეტიტორების საკითხის შესწავალა. დამამთავრებელ კლასში მოსწავლეების 57% ემზადება. საშუალო საფეხურზე 42,6%, საბაზოზე 37,2%, დაწყებითზე 15%).
კვლევის შედეგების მიხედვით, მშობელთა დანახარჯი დაახლოებით 300 მილიონი ლარს შეადგენს.ზემოთ მოყვანილი მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ სკოლები ვერ პასუხობენ საზოგადოების მოთხოვნას. ამიტომ მათ უწევთ სხვა გზების მოძიება სასურველი სერვისის მისაღებად. კერძო რეპეტიტორების საკითხის შესწავლა მრავალი კუთხით არის შესაძლებელი, თუმცა „სასკოლო კვლევების ცენტრმა“ ამ ფენომენს რამდენიმე მიზეზის გამო მიაქცია ყურადღება:
პირველი: პრაქტიკა არის ქვემოდან წამოსული, სახელმწიფო არ მონაწილეობს მის ფუნქციონირებაში. ინსტიტუტი წარმოაჩენს იმას, თუ როგორ პასუხობს საზოგადოება დამოუკიდებლად პრობლემას – განათლების დაბალ დონეს სკოლებში. საინტერესოა ის, რომ ეს გახლავთ გზა, რომელიც თვითონ საზოგადოებამ – მშობლებმა, მოსწავლეებმა, სწავლების უშუალო ბენეფიციარებმა გაიკვლიეს.
მეორე მიზეზი, რის გამოც ცენტრისთვის საინტერესო აღმოჩნდა ამ ფენომენის შესწავლა არის ის, რომ ეს ინსტიტუტი ამართლებს მოლოდინებს, რასაც მასზე დიდი მოთხოვნაც მეტყველებს. ცენტრი რეპეტიტორების პრაქტიკას არ განიხილავს აპრიორი უარყოფით მოვლენად. თუმცა, პრობლემად მიაჩნია ის, რომ ხარიხიანი ცოდნის მიღება არის ელიტური, ანუ ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს საშუალება (ზემოთ ნახსენები კვლევის მიხედვით, რეპეტიტორებთან მაღალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვების მომზადების წილი 64%-ია, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისა კი 24%. ). სწორედ ეს არის სახელმწიფოს პრობლემა. სახელწიფო უნდა უზრუნველყოფდეს ყველა მოსწავლისთვის თანაბარი და მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას.
მიმდინარე წლის 4 აპრილს კლუბ „ფრონტლინ ჯეორჯია“-ში, ცენტრის ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აბიტურიენტები, პედაგოგები, სკოლის მმართველი, რეპეტიტორები. დისკუსიის შედეგად „სასკოლო კვლევების ცენტრმა“ რამდენიმე ფაქტორი გამოვალინა, რის გამოც აბიტურიენტები რეპეტიტორთან მომზადებას ამჯობინებენ.
„გურია ნიუსი“გთავაზობთ ამ ფაქტორების ჩამონათვალს და „სასკოლო კვლევების ცენტრის“ რეკომენდაციებს:
„პირველი ფაქტორი – აბიტურიენტი თვითონ ირჩევს რეპეტიტორს.
როგორც დისკუსიისას გამოიკვეთა, აბიტურიენტებს ან მშობლებს აქვთ საშუალება, თვითონ აირჩიონ რეპეტიტორი, რაც ამ ინსტიტუტიდან მიღებული განათლების ხარისხზე დადებითად მოქმედებს. ის, რომ აბიტურიენტს არჩევანის საშუალება აქვს, ეს მას გარკვეულწილად უზრდის შანსს, რომ მიიღოს უკეთესი ხარხისხის სერვისი.
შეიძლება თუ არა ამ კომპონენტის გაზიარება სკოლის დონეზე?
არჩევითობის გაზიარება დღევანდელი სასკოლო სისტემიდან გამომდინარე წარმოუდგენელიც კია, რადგან სკოლებში არ არსებობს საგნებისა და პედაგოგების არჩევითობა. თუმცა, საგანმანათლებლო ინსტიტუციის დონეზე არჩევითობის პრაქტიკა არსებობს უმაღლეს სასაწავლებებში, სადაც სტუდენტები ირჩევენ ლექტორებს.
მეორე ფაქტორი – ინდივიდუალური მიდგომა, მეტი ყურადღება.
მეორე უმთავრეს ფაქტორია დრო. რეპეტიტორს საშუალება აქვს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს მოსწავლეს, მიუდგეს ინდივიდუალურად , გაიგოს მისი სუსტი და ძლიერი მხარეები და დახარჯოს იმდენი დრო, რამდენიც საჭირო იქნება მოსწავლისთვის. ამ კომპონენტის გასაზიარებლად სასკოლო დონეზე საჭირო იქნება რამდენიმე სტანდარტის გაუქმება. კერძოდ: საგაკვეთილო დრო, პროგრამა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს პედაგოგს. რეპეტიტორის შემთხევაში სწორედ ასეა.
მესამე ფაქტორი – სასწავლო რესურსების შერჩევა და მოსწავლეზე მორგებული სასწავლო გეგმა
კიდევ ერთი უპირატესობა არის, რომ რეპეტიტორი მოსწავლეს, საგნის ცოდნის დონიდან გამომდინარე, უდგენს ინდივიდუალურ პროგრამას და ასევე თვითონ ირჩევს სახელმძღვანელოებს, რითაც უნდა ასწავლის. სასკოლო დონეზე ამ პრაქტიკის გაზიარება გულისხმობს, რომ პროფესიონალ პედაგოგებს მიეცეთ ავტონომია, თვითონ შეარჩიონ სასწავლო რესურები.
მეოთხე ფაქტორი – მოტივაცია.
რეპეტიტორს, სკოლის მასწავლებელთან შედარებით, აქვს გაცილებით დიდი მოტივაცია, რომ კარგად ასწავლოს მოსწავლეს და ბოლომდე დაიხარჯოს, რადგან მისი შემოსავლი უშუალოდ დამოკიდებულია მის მიერ გაცემული სერვისის ხარისხზე. მისი შემოსავალი დამოკიდებულია გარჯაზე და ეს რეპეტიტორს უბიძგებს, საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს, განსხვავებით სკოლის პედაგოგისგან, რომლიც უფრო მეტად ხელმძღვანელობს ვალდებულების პრინციპით : „მოვალეა ჩაატაროს 4 ან 5 გაკვეთილი დღეში“.
ხარისხზე მოთხოვნა მას უშაულო მომხარებლის მხრიდან არ წარმოეშვება. რეპეტიტორის მაღალი მიტივაცია ასევე განპირობებულია იმით, რომ მისი ანაზღაურება პედაგოგისას დაახლოებით 3 ჯერ აღემატება.
რა შეიძლება გაიზიაროს სკოლამ ამ კომპონენტისგან?
სკოლებმა უნდა დანერგონ მშობელთა და მოსწავლეთა გამოკითხის სისტემა, პედაგოგების შესაფასებლად და მათი აზრი უნდა ნიშნავდეს ბევრს მასწავლებლებისთვის.
მეხუთე ფაქტორი- მშობელთა ცნობიერება.
ერთ- ერთ ფაქტორად ასევე დასახელდა მშობელთა ცნობიერება, რის გამოც რეპეტიტორთან მიღებული ცოდნის მაღალი ხარისხია განპირობებული. როგორც ითქვა, რადგან მშობლებს რეპეტიტორების შემთხვევაში თავიანთი ჯიბიდან უწევთ ფულის გადახდა, მოთხოვნაც უფრო მეტია. სკოლის შემთხვევაში ასე არ არის. თუ იქნება მშობლების მხრიდან სწავლების მოთხოვნა, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმიანობას.
მეექვსე ფაქტორი- მოდა, ფსიქოლოგიური ფატორი.
რეპეტიტორების ინსტიტუტის პოპულარობის ერთ – ერთ ფაქტორად ასევე დასახელდა მოდა. რეპეტიტორთან სიარული ზოგჯერ მოდის აყოლაა, გარკვეული უპირატესობის წარმოჩენის საშუალებაა მოსწავლეებისთვის, მაშინ როცა სკოლაში კარგად სწავლა არ არის მოდური.
მეშვიდე ფაქტორი- სისტემური პრობლემა.
ერთი-ერთი ფაქტორი არის სისტემური პრობლემა და განათლების მიზნების არასწორი გაგება საზოგადოების მხრიდან -ზედმეტად ორიენტირებულობა ცოდნაზე და ნაკლები აქცენტი უნარების განვითარებაზე, რაც სკოლის დონეზე გაცილებით კარგად არის შესაძლებელი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ განათლების სისტემის ერთ- ერთი დიდი პრობლემა, არის არა მარტო პედაგოგების დაბალი კვალიფიკაცია, ან მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია, არამედ სისტემა, სტანდარეტები, რომლიც არ იძლევა საშუალებას, ინსტიტუციურ დონეზე მოხდეს იმის შეთავაზება მოსწავლეებისთვის, რაც მათ სისტემის გარეთ მიეწოდებათ. არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს ტონი ვაგნერის ფრაზა, რომ “სასკოლო სისტემებს სჭირდება არა რეფორმა, არამედ თავიდან გამოგონება”, _ აღნიშნავენ „სასკოლო კვლევების ცენტრში“.
ამავე თემაზე: რატომ ურჩევნიათ აბიტურიენტებს რეპეტიტორთან მომზადება და რა შეიძლება გადაიღოს სკოლამ ამ ინსტიტუტისგან?