ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩასულებმა ამერიკაში უმსხვილესი აფერა განახორციელეს.
საუბარია სახელმწიფო სამეციდინო დახმარების სისტემაში განხორციელებულ უკანონო ქმედებაზე, რის შედეგადაც ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტმა 163 მილიონი დოლარი დაკარგა.
ამერიკის სპეცსამსახურებმა სომხური დაჯგუფება დააკავეს, რომლის ლიდერიც სომეხი კანონიერი ქურდი არმენ კაზარიანია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის მოქალაქეებიც იყვნენ.
ამერიკის ხუთ შტატში დანაშაულებრივი ჯგუფის 73 წევრი დააკავეს. სომხურმა დაჯგუფებამ რამდენიმე ფიქტიური სამედიცინო კლინიკა შექმნა, საიდანაც სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტო „მედიქეარში“ რეგულარულად იგზავნებოდა იმ მომსახურების ხარჯთაღრიცხვა, რაც მათ გაწეული არ ჰქონდათ.
დოკუმენტებში მითითებული იყო იმ ექიმების მისამართები, რომლებიც რეალურად საქმიანობდნენ ამერიკაში. აღსანიშნავია, რომ უკანონოდ მოპოვებული თანხებით სომხური დაჯგუფება ერევანში კერძო ფირმებს ხსნიდა.
ჯგუფის ლიდერს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს, მათ შორის – აფერა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევა და დოკუმენტების გაყალბება.