ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
აბესაძის თქმით, მერიას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, 29 აპრილს უნდა გამოვლინდეს ბანკი, რომელიც თბილისის მერიის 871 მილიონიან ბიუჯეტს, ასევე თბილისის მერიის 4 000-ზე მეტი თანამშრომლოს სახელფასო მომსახურებას უზრუნველყოფს.
"2013 წელს ბანკებთან კონსულტაციით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 40 მილიონ ლარამდე ნაშთზე დაგვერიცხებოდა 16%, 40 მილიონ ლარზე მეტი თანხის შემთხვევაში კი, თითოეულ მილიონზე 4%. სწორედ ამ პირობებით გამოაცხადა მიმდინარე წლის 31 მარტს თბილისის მერიამ კონკურსი, თუმცა ორ კვირაში მათ შეცვალეს საპროცენტო განაკვეთი და თბილისის მერია საკუთარ ნაშთებზე თანხის 6%-ის დარიცხვას ითხოვს. ეს არის ბანკისთვის რამდენიმე მილიონი ნაჩუქარი ლარი და ამას სჭირდება სერიოზული დასაბუთება, რატომ მოხდა საბანკო პროცენტის შემცირება. რაც შეეხება სახელფასო მიმართულებით მერიის თანამშრომელთა თითქმის 90%-ს, მათ შორის, საკრებულოშიც სარგებლობენ ოვერდრაფტით და სახელფასო სესხის 300%-ის ოდენობით. ეს იყო ბანკის ვალდებულება, თუ მერიის თანამშრომელი ამ მომსახურებას მოითხოვდა, ახალ ბანკს კი ამის ვალდებულება არ აქვს", – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, ეს მერიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობების გაურესების ტოლფასია და მათ უფლებებს ლახავს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, საბანკო მომსახურების პროცენტის შემცირება და პირობების გაუარესება მას აფიქრებინებს, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ბანკი "ქართუ" იქნება, რომელზეც მიდის მთლიანად ამ პროცესის მორგება.
"სამწუხაროდ, შემდგომი მომსახურე ბანკი იქნება "ქართუ ბანკი", მხოლოდ იმიტომ რომ მას ექნება ხელსაყრელი პირობები იმ ადამიანების ხარჯზე, რომელთა ინტერესების დასაცავად მერია უნდა მოქმედებდეს", – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.





































































