საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის , რომლის პენიტენციური სისტემა ჯანდაცვის დამტკიცებული სტანდარტით იხელმძღვანელებს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი დაამტკიცა. დღეიდან საქართველოს პენიტენციური სისტემა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და ერთ-ერთი პირველია აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რომელსაც პენიტენციური ჯანდაცვის დამტკიცებული სტანდარტი აქვს.
სტანდარტში ის სავალდებულო მომსახურებებია გაწერილი, რომელსაც სახელმწიფო პატიმრობაში მყოფ პირს მიაწვდის.
აღნიშნული უზრუნველყოფს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო სერვისების მიწოდების მდგრადობას, ხარისხის განვითარებაზე ზრუნვას, მომსახურების ეფექტურ მონიტორინგს და ამ მიმართულებით სახელმწიფო ხარჯების რაციონალურ გამოყენებას.
მოცემული სტანდარტით, დაწესებულებაში მოხვედრამდე ბრალდებული და მსჯავრდებული პირები სრულ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. მათი ინდივიდუალური რისკების შეფასების საფუძველზე, დაიგეგმება რუტინული პრევენციული/სკრინინგული გამოკვლევები არაგადამდებ და გადამდებ დაავადებებზე. (საგულისმოა, რომ რუტინულ სამედიცინო შემოწმებას ყველა პატიმარი სულ მცირე წელიწადში ერთხელ გაივლის:არასრულწლოვანი პირები – სულ მცირე წელიწადში ორჯერ;50 წლამდე პირები – წელიწადში ერთხელ;51 წლის და მეტი – წელიწადში ორჯერ.)
(R)