პარასკევს, 1 მაისს პრემიერი ღარიბაშვილი გურიის გუბერნატორს ოზურგეთში წარადგენს.
როგორც გვითხრეს, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე იქნება.
სალუქვაძე სს გეს "საქრუსენერგო" გენერალური დირექტორის მრჩეველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელია.
ბოლო დროს მისი სახელი სააკაშვილის მმართველობის შესახებ მომზადებული ფილმის პრეზენტაციაზე გაჟღერდა. სწორედ სალუქვაძის ორგანიზაციამ მოამზადა ფილმი, რომლის ჩვენებაც რეგიონებში ხმაურით მიმდინარეობდა და პოზიცია-ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების თემა გახდა.
სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია:
_ შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილება. მეც ერთ-ერთი კანდიდატი ვარ. თუმცა, ჯერ ბრძანება არ არის დაწერილი. 1 მაისს პრემიერი გურიაში მობრძანდება და სავარაუდოდ იქ წარადგენს გუბერნატორს, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას სალუქვაძემ.
კითხვაზე რატომ უნდა გურიის გუბერნატორობა ასე გვპასუხობს: "ჩემი ფუძე ლიხაურია. გურია ჩემი გულის ტკივილია და თუ ჩემი საკითხი გადაწყდება მინდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩემთვის ყველაზე ლამაზ კუთხეს გურიას"
სალუქვაძე ყოფილი პოლიტპატიმარია. იგი "სახალხო კრების" სამგორის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და 2011 წლის 26 მაისს ბურჯანაძის გვერდით იდგა. იგი 26 მაისს დააკავეს და პოლიციელების ცემის ბრალდებით გაასამართლეს.
სალუქვაძემ ციხე ამინისტიის შედეგად დატოვა.
გურიის გუბერნატორობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი პროფესიით იურისტია.
1979-1982 ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა; 1983-1985წლებში თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მიღებული აქვს სამეცნიერო ხარისხი _ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.
სამუშაო გამოცდილება კი ასე გამოიყურება: 1982-1992 წწ _ შინაგან საქმეთა სამინისტრო: საგამოძიებო განყოფილების უფროსი; 1992-1997 წწ _ საქართველოს გენერალური პროკურატურა: განყოფილების პროკურორი; 1998-2000 წწ _ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია: წევრი; 2000-2003 წწ _ საქართველოს კონტროლის პალატა: სპეც დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი; 2003-2007 წწ. _ ქალაქ თბილისის მერიის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.
2013 წლის თებერვლიდან დღემდე სს გეს „საქრუსენერგო“ გენერალური დირექტორის მრჩეველი
ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.
შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორის პოსტი 5 თვეა ვაკანტურია. ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით გასული წლის დეკემბერში დატოვა.