სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი ნივთები და ოქროს ნაკეთობები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას უსასყიდლოდ გადასცა:
"2012-2013 წლებში მომსახურების სააგენტომ სავაჭრო მაღაზიების მეშვეობით 2,143,668 ლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია განახორციელა, მათ შორის 2012 წელს – 695,352 ლარის, 2013 წელს კი – 1,442,316 ლარის.
2013 წლის 26 აგვისტოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულია საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანილი 80 ცალი მობილური ტელეფონი – Iphone 5 და ერთი ცალი პლანშეტური კომპიუტერი IPAD. 80 ცალი მობილური ტელეფონიდან 63 ერთეული უსასყიდლოდ გადაცემულია სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის: ფინანსთა სამინისტროსთვის 19 ცალი; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის 20 ცალი; შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 20 ცალი; მომსახურების სააგენტოსათვის 2 ცალი; ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურისათვის 2 ცალი, ხოლო დარჩენილი 17 ერთეული რეალიზებულია სავაჭრო მაღაზიის მეშვეობით (ერთეულის ღირებულება 1,000 ლარი) ისე, რომ მობილური ტელეფონები არ გასულა ინტერნეტ-აუქციონზე.
აუდიტორების განმარტებით, ინტერნეტ-აუქციონზე გატანის გარეშე, სავაჭრო მაღაზიის მეშვეობით არის რეალიზებული ასევე ოქროს ნაკეთობები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის #771 ბრძანებით 273 დამტკიცებული წესის შესაბამისად ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს არ უმსჯელია სათანადოდ თუ განკარგვის რომელი ფორმა იქნებოდა ეკონომიურად გამართლებული",_ წერია სახელწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც პროკურატურას გადაეგზავნა.