"გურია ნიუსის" ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე ნიკოლოზ გელაშვილის კანდიდატურა განიხილება.
როგორც "გურია ნიუსის" წყარო ამბობს, გელაშვილი 2012 წლიდან "ქართული ოცნების" მთავრობასთან ურთიერთობის კოორდინატორი იყო. კერძოდ კი, საარჩევნო საკითხებს კურირებდა.
მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურში, მინისტრის პოსტზე ნიკოლოზ გელაშვილის კანდიდატურის განხილვას არ ადასტურებენ.
"ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. ხვალამდე არაფერი გვეცოდინება", _ უთხრეს "გურია ნიუსს" მთავრობის კანცელარიაში.
გელაშვილის პარტიაში საქმიანობას არ ადასტურებენ "ქართულ ოცნებაშიც".
"ნიკოლოზ გელაშვილი ნამდვილად არის "ქართული ოცნების" წევრი, თუმცა მას ამჟამად პარტიაში თანამდებობა არ უჭირავს", _ გვითხრეს პარტიის პრესსამსახურში.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ნიკოლოზ გელაშვილი 2012 წლამდე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირიც იყო, მაგრამ პარტიაში დაპირისპირების გამო, ის პოლიტდევნილთა სიაშიც მოხვდა. თუმცა, 2013 წელს განხორციელებულ ამნისტიის შედეგად შეიწყალეს.
"გურია ნიუსის" ზარებს და შეტყობინებებს ნიკოლოზ გელაშვილი ჯერჯერობით არ პასუხობს.
ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე გუშინ დატოვა.
2012 წლის შემდეგ, ამ თანამდებობაზე უკვე მესამე მინისტრი უნდა დაინიშნოს.