საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საგრანტო დაფინანსების საძიებო სისტემა ProGeorgia შეიქმნა.
პროექტის ავტორი განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია UNI.GE.-ია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ProGeorgia (www.progeorgia.ge) არის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში სტრუქტურირებული საძიებო სისტემის შექმნის პირველი მცდელობა.
საძიებო სისტემა განკუთვნილია მათთვის, ვისაც დაფინანსების მოძიება სურს: საზღვარგარეთ სწავლისათვის; საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; ორგანიზაციული განვითარებისათვის და ა.შ.
პროგრამის პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.