"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში პროკურატურის მიერ დაქირავებული საერთაშორისო სამართლის ექსპერტების დაბარებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება პლენარულ სხდომაზე ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა:
_ ჩვენ დაახლოებით 2 თვეა ვერ ვიღებთ პროკურატურისგან ინფორმაციას იმ საერთაშორისო პროკურორების შესახებ, რომელთა გამოყენება ხდება ცალკეულ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
დღეს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებმაც კი იციან, რომ ამ ადამიანებს არანაირი სამართლებრივი სტატუსი არ აქვთ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში.
შესაბამისად, გაურკვეველია, რა საპროცესო სტატუსით აკეთებენ ისინი სამართლებრივ დასკვნებს, რომლებსაც შემდგომ ხელისუფლება აფრიალებს, როგორც რაიმე სახის მტკიცებულებას.
ქვეყანა ამაში დაახლოებით მილიონამდე ლარს იხდის ყოველწიურად. ეს არის პრაქტიკულად წყალში გადაყრილი თანხა.
ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები, რა წარსული გააჩნიათ. ბევრი ეჭვი არსებობს, რომ ისინი გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერაც იყვნენ დაქირავებულნი.
ვთხოვთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეებს, მოვიწვიოთ პროკურატურისგან შესაბამისი პირები და მათთან ერთად განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც გვაწუხებს. ჩვენ გვაინტერესებს მათი სტატუსი, მათი დაფინსების საკითხები, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას მათი დაქირავებისა და დაფინანსების შესახებ, _ აღნიშნა ბეჟაშვილმა.