"დემოკრატიული მოძრაობის" გურიისა და ოზურგეთის ორგანიზაციები ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ქალაქ ოზურგეთის მერის მიერ ფოლკლორული ანსამბლების – "იადონისა" და "ელესას" დაფინანსების შეწყვეტის ფაქტს ეხმაურებიან:
"მიუღებელი და დასაგმობია ის ცინიზმი, რომელიც გამოიჩინეს ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი მათი განთავისუფლებისას.
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის "ტ" ქვეპუქნტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება – "ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება."
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ქალაქ ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მხრიდან განხორციელებული ქმედება გარდა იმისა, რომ თავისი არსით "ვანდალურია" ამასთანავე ფაქტია, რომ ოზურგეთის მერია და მისი მაღალი თანამდებობის პირები უარს ამბობენ ექსკლუზიური უფლებამოსილების შესრულებაზე.
მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს ხმა აიმაღლონ ოზურგეთში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე მოვუწოდებ ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარესა და წევრებს, დაუყოვნებლივ განიხილონ ანსამბლების გაუქმებასთან დაკავშირებული გარემოებები და ასევე ის მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს მათ დაშლას.
"დემოკრატიული მოძრაობის" გურიის და ოზურგეთის ორგანიზაციები სრულ თანადგომას უცხადებს ანსამბლებს "იადონსა" და "ელესას".
ასევე, ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კულტურული ფასეულობების შესანარჩუნებლად", _ ნათქვამია განცხადებაში.
"გურია ნიუსი" მერიის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.