საპარლამენტო უმცირესობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს.
ღარიბაშვილი უმცირესობის წარმომადგენლებს მთავრობის მიერ შესრულებულ ანგარიშს ამ წუთებში აცნობს.
სხდომას მთავრობის წევრებიც ესწრებიან.
ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს გამოჩნდება, შესწევთ თუ არა მათ უნარი, თვალი გაუსწორონ მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს.
"თქვენ ალბათ უკვე გაეცანით განახლებულ სამთავრობო პროგრამას, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები, ის რეფორმები და ცვლილებები, რომლის განხორციელებსაც ჩვენ, მთავრობის უკვე განახლებული გუნდით ვაპირებთ.
არ მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ის საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი, ადეკვატურად შეაფასებს 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სასიკეთო ცვლილება და რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, დადებითად აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შორის თქვენ და თქვენ ოჯახებსაც შეეხება.
მიხარია, რომ გამოვდივარ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არჩევანისა და სიცოცხლის უფლება. სწორედ ამიტომ, მე აღარ შევეხები ჩვენ შორის არსებულ ღირებულებით განსხვავებებს და დღეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზე და მომავალზე ვისაუბრებ.
დღეს გამოჩნდება, შეგწევთ თუ არა ძალა, თვალი გაუსწოროთ პროგრესს და აღიაროთ ის გაკეთებული საქმეები და ციფრები, რომლებსაც მე დღეს მოგახსენებთ", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.